,,საქართველოში ანტირუსული საპროტესტო აქციების ლიდერი მელია დააკავეს“ – ასე ეხმაურება რუსული მედია vz.ru ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის დაკავებას.
,,დილით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დააკავეს ოპოზიციური ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკანორ მელია, რომელსაც ბრალად ედება მასობრივი ძალადობის ორგანიზება ან მონაწილეობა 2019 წლის ზაფხულში. მას ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
მელიას დაკავება მოხდა სასამართლოს მიერ 17 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, რადგან ოპოზიციონერმა უარი თქვა გირაოს გადახდაზე.
მელიას მომხრეები ცდილობდნენ ხელი შეეშალათ დაპატიმრებისთვის. მათ წინააღმდეგობა გაუწიეს პოლიციას და პოლიციელებს “რეჟიმის მონები” უწოდეს.
შსს-ს ცნობით, 21 ადამიანი დააკავეს მიტინგზე “ნაციონალების” ოფისთან პოლიციისადმი ურჩობის გამო. განადგურებულია პარტიის ოფისი.
ოპოზიციამ მხარდამჭერებს მთავრობის შენობასთან დღის მეორე ნახევარში შეკრებისკენ მოუწოდა.
თბილისის ყოფილმა მერმა, გიორგი უგულავამ მელიას დაპატიმრების შემდეგ განაცხადა, რომ ”ბრძოლა უკომპრომისო იქნება, სისხლის ბოლო წვეთამდე”.
რამდენიმე დასავლელმა პოლიტიკოსმა, მაგალითად აშშ-ს ყოფილმა ელჩმა საქართველოში და ბრიტანეთის დიპლომატიური მისიის ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა, გამოხატა შეშფოთება საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო რადიკალი პოლიტიკოსის ნიკანორ მელიას დაპატიმრების შემდეგ.
უახლოეს საათებში გამოჩნდება, თუ როგორ განვითარდება მოვლენები.
ხელისუფლება ამბობს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია და რომ პოლიტიკური საქმიანობა არ არის ინდულგენცია“,_ ვკითხულობთ სტატიაში.