გურიაში კორონავირუსით ინფიცირების 14 შემთხვევა დაფიქსირდა.
ინფიცირების 14 შემთხვევიდან 13 ლანჩხუთში, 1 კი ჩოხატაურში დადასტურდა. რაც შეეხება ოზურგეთს, ინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
ჩოხატაურში კორონავირუსით ინფიცირების 1 შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს. ჩატარებული ტესტების შედეგად ინფიცირების შემთხვევა გუთურში გამოვლინდა.
რაც შეეხება ლანჩხუთს, კორონავირუსით ინფიცირების 13 შემთხვევა აღირიცხა.
როგორც ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი, ნატო მენაღარიშვილი ამბობს, კორონავირუსით ინფიცირების რიცხვი მაღალი რიცხვია, მაგრამ შემთხვევები რამდენიმე ოჯახშია დადასტურებული.
„რაოდენობრივად ბევრია, მაგრამ სინამდვილეში ინფიცირების 13 შემთხვევა სულ 4-5 ოჯახში დაფიქსირებული. მხოლოდ ერთია ინფიცირების ახალი შემთხვევა, დანარჩენები ძველი კონტაქტების შედეგია“,_ გვითხრა მენაღარიშვილმა.
ნატო მენაღარიშვილი ჩვენთან საუბრისას გამარტავს, რომ ადამიანი ინფიცირების დადასტურებამდე 48 საათით ადრე გადამდებია, რის შედეგადაც ვირუსი სწრაფად ვრცელდება ერთი ოჯახის წევრებსა და მეზობლად მცხოვრებ ოჯახებში.
„მძიმე პაციენტების გარდა, ოჯახიდან იზოლაციის მიზნით გაგვყავს ის პირები, ვისაც არ აქვს იმის საშუალება რომ ცალკე იზოლაციის პირობები ჰქონდეს, ცალკე სააბაზანო ოთახით სარგებლობდეს, და ა.შ. განსაკუთრებით ეს რთულია სოფლის პირობებში მცხოვრებ მრავალსულიან ოჯახებში. ასეთ შემთხვევაში იზოლაციის მიზნით ვთავაზობთ კოვიდსასტუმროში გადასვლას. მართალია, იზოლაციაში გადასვლის შედეგად ოჯახის სხვა წევრებთან ურთიერთობა აღარ აქვთ, მაგრამ ვირუსის სიმპტომის გამოვლენამდე 48 საათით ადრე ადამიანი არის გადამდები. ეს იწვევს ზუსტად ინფიცირებას და ამიტომ ხდება ოჯახებში ვირუსის ასე გავრცელება. თან ზამთარია და ყველა ერთ ოთახში გამათბობელთან არის თავმოყრილი. სამეზობლოც ინტენსიურად ინფიცირდება, რადგან ერთმანეთში კონტაქტი აქვთ, ერთმანეთის სახლებში დადიან“,_ გვითხრა მენაღარიშვილმა.
რაც შეეხება ოზურგეთში არსებულ ვითარებას, ოზურგეთის ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რომ ინფიცირების არცერთი შემთხვევა არ დადასტურებულა.
„ოზურგეთის ჯანდაცვის ცენტრში ავიღეთ 218 სწრაფი და 108 -PCR ტესტი , დადებითი-0. ბ/ს ცენტრში ჩატარდა 14 სწრაფი და 4- PCR ტესტი, დადებითი-0. რაც შეეხება „ მედალფას“ ჩატარდა 34 სწრაფი ტესტი და დადებითია-0“,_ გვითხრეს ოზურგეთის ჯანდაცვის ცენტრში.