12 მარტს, მთელი საქართველო შეძრა, გურიაში, გომისმთაზე დატრიალებულმა ტრაგედიამ. მთაზე მიმავალი ოთხი ახალგაზრდა მოულოდნელად გართულებულ მეტეოროლოგიურ პირობებში, გადაუღებელ თოვაში მოჰყვა. ერთი მათგანი დაიღუპა. სამმა კი მოასწრო სამაშველო სამსახურისთვის შეეტყობინების გაგზავნა.
როგორც შემდგომი მოვლენების შესახებ ვიცით, მაშველებმა იხსნეს ახალგაზრდები, რომლებიც გათოშილი იპოვეს ღრმა ხევში.
მანამდე კი იყო ურთულესი გზა. მაშველები ფეხით დაადგნენ მთის აღმართს. წინ ტრაქტორი გაუკვალავ თოვლში მიიკვლევდა გზას, თუმცა შემთხვევის ადგილამდე მაინც ვერ შეძლო მისვლა და ამჯერად გურიის სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს, თავად მოუხდათ მკერდამდე თოვლი, რამდენიმე კილომეტრის მანძილზე, გაეკვალათ.
“გურია ნიუსი” გთავაზობთ ვიდეო ეპიზოდია, სადაც მაშველები მეგობრული გადაძახილით _ „გურიის მგლები” _ ამხნევებენ ერთმანეთს, რომ ხევში ჩარჩენილებთან როგორმე სწრაფად მისულიყვნენ. დროდადრო მეგობრები, ერთმანეთს ენაცვლებოდნენ გზის გაკვალვაში.
უამრავი მოქალაქე, ჩვენი მკითხველები, საზოგადოების დიდი ნაწილი უდიდეს მადლობას უხდის ამ დღის გმირ თითოეულ მაშველს. სატელეფონო ზარებითა და შეტყობინებებით, ითხოვენ ახლოს, გვარ-სახელებით გავაცნოთ ეს მოკრძალებული ბიჭები, რომლებიც დაუფიქრებლად მხოლოდ სიცოცხლის გადასარჩენად გარბიან, საკუთარ თავზე საუბრისთვის თუ გადაღებისთვის კი ფოტოობიექტივს გაურბიან.
„გურია ნიუსი” “გურიის მგლებზე” დაწვრილებით მალე გიამბობთ.