ტიტანიკი II-ის გადადებული მშენებლობის პროცესი განახლდა. პირველი უზარმაზარი სამგზავრო გემის ზუსტი ასლი მზად 2022 წელს იქნება და სტარტს საუთჰემპტონის პორტში აიღებს.
განხილვადი იდეის უკან ავსტრალიელი ბიზნესმენი და პოლიტიკოსი კლაივ პალმერი დგას. მან გეგმის განხორციელებაზე მუშაობა 2012 წელს დაიწყო და გემი მზად 2018 წლისთვის უნდა ყოფილიყო, მაგრამ ჩინეთის მთავრობის 2015 წლის ფინანსურმა გადაწყვეტილებამ მშენებლობა შეაჩერა. ამას მოგვიანებით კორონავირუსის პანდემია და ეკონომიკური პრობლემები დაემატა.
პალმერის განცხადებით, გემზე მშენებლობა განახლებულია და ის 1912 წელს გამოსული გემის იდენტური იქნება:
“ახალი გემი ორიგინალის გზით დაიწყებს მოგზაურობას, გავა საუთჰემპტონის პორტიდან და მგზავრებს ნიუ–იორკში ჩაიყვანს, თუმცა დედამიწას ცურვით შემოუვლის, რაც მოგზაურობას კიდევ უფრო საოცარსა და იდუმალს გახდის“, – თქვა პალმერმა. გემი მგზავრებს ნიუ-იორკში დუბაიდანაც ჩაიყვანს.
Blue Star Line-ის თქმით, 9-გემბანიან გემს 835 კაბინა ექნება და 2 435 მგზავრს დაიტევს. და როგორც ორიგინალში, პირველი, მეორე და მესამე კლასის ბილეთები გაიყიდება. ჯერჯერობით უცნობია, რა ეღირება 2022 წელს ტიტანიკის ბილეთები, თუმცა მას ისეთივე დიდებული მოაჯირიანი კიბე ექნება, როგორიც ჯეიმს კამერონის ფილმში გვაქვს ნანახი.
ტრაგედიის განმეორების თავიდან ასარიდებლად, ტიტანიკი II უამრავი სამაშველო ნავით იქნება აღჭურვილი და თანამედროვე ნავიგაცია ექნება.
ტიტანიკი 1912 წლის 10 აპრილს საუთჰემპტონის პორტიდან გავიდა და გზად საფრანგეთში შეიარა და მგზავრები აიყვანა. გასვლიდან ოთხი დღის შემდეგ, 1912 წლის 14 აპრილს, ტიტანიკი აისბერგს შეეჯახა და 15 აპრილის დილას ჩაიძირა. ტრაგედიას 1 517 ადამიანი იმსხვერპლა, რისი მიზეზიც გემზე არასაკმარისი სამაშველო ნავები იყო.