„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მედიაციით მიმდინარე „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა.
როგორც შალვა ნათელაშვილმა შეხვედრის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, პირველ საკითხად არ განიხილება არც ვადამდელი არჩევნები და არც პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ეს მისთვის მიუღებელია.
“ლეიბორისტული პარტია” ტოვებს მოლაპარაკებათა იმ ფორმატს, სადაც პირველ საკითხად არ განიხილება ახალი საპარლამენტო არჩევნების თარიღი, სადაც პირველ საკითხად არ წყდება პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და სადაც უკანონოდ დაპატიმრებული ნიკა მელია არ ზის ჩვენ გვერდზე მოლაპარაკებების მაგიდასთან. მე დავუბრუნდები მოლაპარაკებების მაგიდას და კონსულტაციებს, როგორც კი ეს ორი საკითხი იქნება გარკვეული და გადაწყვეტილი. მე არაერთხელ მითქვამს, რომ სახლის აშენებას იწყებენ საძირკვლიდან და სახურავით. ჩვენ როგორც კი დავიწყებთ საარჩევნო, სასამართლო რეფორმის საკითხებს და სხვა პრობლემების განხილვას, პარლამენტში შესვლის მოთხოვნა წინასწარ – ეს ნიშნავს იმას, რომ პროცესი იშლება, ეს ნიშნავს იმას, რომ რუსი ოლიგარქი რჩება ქვეყნის ბატონად, ქვეყნის დამარბევლად და შესაბამისად, ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციამ ვერ შეასრულა თავისი მისია ქართველი ხალხის წინაშე, დღევანდელობისა და მომავლის წინაშე”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
შეგახსენებთ, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის შეხვედრა 16:00 საათზე დაიწყო. შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მედიაციით იმართება.