„ხალხურმა სიმღერამ დაკარგა სინდისი, წაშალა ფერები და დარჩა შავ-თეთრი კულტურა…“ _ასე ეხმიანება ფეისბუქზე ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალებას ლანჩხუთელი მომღერალი, ანსამბლ „შავნაბადას“ ხელმძღვანელი დავით ცინცაძე.
„ჩემი პედაგოგი არ იყო მხოლოდ მუსიკოსი – სხვა რანგის ეროვნული მოღვაწე იყო! ბატონი ანზორის ღვაწლი არ დაწყებულა მისი დაბადებიდან. დაიწყო მანამდე, ყველაზე დიდი და ძლიერი, შეუდარებლად მძლავრი გენეტიკით, ისტორიული და სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი ერქომაიშვილების დინასტიით. მერწმუნეთ, მისი ღვაწლი ტრადიციულ მუსიკაში ალბათ იმის ნახევარია, ვიდრე ზოგადად ეროვნული კულტურის განვითარებაში. მისი საქმე გაცილებით მეტს ამბობს, ვიდრე სიტყვების ნებისმიერი კომბინაცია… ხოდა დღეს დასრულდა! ხალხურმა სიმღერამ კიარა, ნაციონალურმა კულტურამ დაკარგა ფერები. იმედია მისი ღვაწლი ისევ აანთებს და გააფერადებს, თუმცა ახლა ეროვნულმა მუსიკამ მისი სახით – დაკარგა სინდისი! ნელ-ნელა ვიაზრებ და ძალიან რთული ყოფილა…“ _ წერს დავით ცინცაძე სოციალურ ქსელში.