საქართველოში ეპიდვითარება საყურადღებოა.
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, გურია და კიდევ რამდენიმე რეგიონი, კერძოდ იმერეთი და რაჭა-ლეჩხუმი, ასევე დედაქალაქი, სიწითლისკენ მიდის.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირამ გამყრელიძემ დღეს გამართულ ფეისბუქ ლაივზე „გურია ნიუსის“ კითხვასთან დაკავშირებით, მოსალოდნელია თუ არა შეზღუდვების დაწესება და რა სახის შეზღუდვები შეიძლება იყოს,_ განაცხადა, რომ შემზღუდველი ღონისძიებების დაწესებაზე შეიძლება იმსჯელონ.
„არა მარტო გურიაში, არამედ მთელ ქვეყანაში გამოჩნდა ეპიდსიტუაციის გაუარესების ტენდენცია. რამდენიმე კლასტერი გვაქვს. არ გვინდა, რომ შიდა საყოველთაო გავრცელებაში გადავიდეს. ამიტომ შესაძლოა, იყოს შემზღუდველ ღონისძიებებზე საუბარი“,_ განაცხადა გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, რომ გურიაში ამ დროისთვის სიმწვანისკენ მხოლოდ ჩოხატაური მიდის, სადაც კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა 2 კვირის განმავლობაში არ დადასტურებულა. გასულ 24 საათში კი ინფიცირება ჩოხატაურში ჩასულ პირს დაუდასტურდა.