მიმდინარე კვირას უკრაინის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერები დონბასში ვითარების გამწვავების საკითხს განიხილავენ, _ ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია zn.ua დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, არსებული ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკი, ანგელა მერკელი და ემანუელ მაკრონი აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარების გამწვავებასა და აღნიშნულ საკითხზე პოზიციების კოორდინირებას განიხილავენ.
გამოცემის ინფორმაციით, სამი ქვეყნის ლიდერებს შორის მოლაპარაკებების გამართვის ზუსტი თარიღი და დრო ჯერჯერობით უცნობია.
ცნობისთვის, 1-ელ აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთი უკრაინასთან საზღვარზე კუნთებით თამაშში დაადანაშაულა.
შეგახსენებთ, 30 მარტს ანგელა მერკელს, ემანუელ მაკრონსა და ვლადიმერ პუტინს შორის გამართული ვიდეოკონფერენციის დროს, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებმა რუსეთს დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის სტაბილიზაციის ვალდებულების შესრულებისკენ მოუწოდეს.