“ტრანსფერმარკტმა” მარტის სანაკრებო მატჩების შემდეგ ხვიჩა კვარცხელიას შეფასებას 5 მილიონი დაუმატა. ამგვარად, გერმანულმა სამენეჯერო სააგენტომ საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის “რუბინის” 20 წლის თავდამსხმელის ფასი 15 მილიონამდე გაზარდა, რითაც ხვიჩა ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშე გახდა.
კვარაცხელიას შეფასება ბოლო ერთ წელიწადში, პანდემიის პირობებშიც კი, მკვეთრად გაიზარდა. 2020 წლის 8 აპრილის შეფასებით მის გრაფაში 2,3 მილიონი ევრო ეწერა, რომელიც 29 ივლისს 4,5 მილიონამდე გაიზარდა, 19 სექტემბერს – 7,5 გახდა, 29 დეკემბერს უკვე 10 მილიონი ჩაიწერა, ანუ ბოლო ერთ წელიწადში 12,7 მილიონით გაიზარდა.
ქართველ ფეხბურთელებში ყველაზე მაღალი შეფასება საბა კვირკველიასჰქონდა 2019 წლის 14 აპრილს – 10 მილიონი ევრო. მეორეზე კი გიორგი ჩაკვეტაძე იყო – 9 მილიონი. ანუ კვარაცხელია გახდა ქართული ფეხბურთის ისტორიაში “ტრანსფერმარკტის” მიერ ყველაზე ძვირად შეფასებულ ქართველი ფეხბურთელი.
ამავე გამოცემის განახლებული მონაცემებით, რუსეთის პრემიერლიგაში ყველაზე მეტად სწორედ კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი გაიზარდა. 5-მილიონიანი მატებით ის ლიგაში უდავო ლიდერია. ტოპ-სამეულში ასევე მოხვდნენ მოსკოვის “დინამოს” 17 წლის ნახევარმცველი არსენ ზახარიანი (იყო 0,5 მილიონი, გახდა 3,5) და მოსკოვის “სპარტაკის” 24 წლის თავდამსხმელი ალექსანდრ სობოლევი (იყო 6 მილიონი, გახდა 9), ანუ ამ ორივეს ფასი 3-3 მილიონით გაიზარდა.
კვარაცხელიას შეფასების მკვეთრმა ზრდამ გამოიწვია ის, რომ რუსეთის პრემიერლიგაში ყველაზე მეტად მისი კლუბის, ყაზანის “რუბინი” შეფასება გაიზარდა – პლუს 8,3 მილიონი ევროთი. ფასების ზრდით შემდეგ მოდის მოსკოვის “დინამო” – პლუს 6 მილიონი ევრო.
საინტერესო ფაქტია – კვარაცხელიას ფასი უფრო გაიზარდა, ვიდრე რუსეთის პრემიერლიგის 14 გუნდის, მაგალითად, ისეთი ცნობილი კლუბების, როგორებიც არიან “ლოკომოტივი” (+3,850 მილიონი ევრო), “სპარტაკი” (+3,350) და “როსტოვი” (+2,375).
რუსეთის პრემიერლიგაში მოთამაშე ყველაზე ძვირად ღირებული ქართველების სია ასე გამოიყურება:
ხვიჩა კვარაცხელია | რუბინი | 15,00 მლნ ევრო |
საბა კვირკველია | როტორი | 3,000 |
ჯიმი ტაბიძე | უფა | 2,500 |
ზურაბ დავითაშვილი | როტორი | 2,500 |
გია გრიგალავა | არსენალი | 1,000 |
გიორგი არაბიძე | როტორი | 0,450 |
ზურაბ გიგაშვილი | ტამბოვი | 0,100 |
რუსეთის მოქალაქე ქართველები | ||
კონსტანტინე მარადიშვილი | ცსკა | 2,500 მლნ ევრო |
გიორგი მელქაძე | ახმატი | 1,500 |
გიორგი შელია | ახმატი | 0,650 |
გიორგი მახათაძე | როსტოვი | 0,600 |
ნიკა ყიფიანი | როტორი | 0,300 |
ვალიკო კობახიძე | ტამბოვი | 0,250 |