შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაციის მეორე ეტაპი ხვალ, 15 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება.
„რეგისტრაციის ამ ეტაპზე აბიტურიენტს საგნის წაშლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლის შესაძლებლობა აქვს. რაც შეეხება საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანას, ეს პროცესი აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათზე შეწყდება. კონკრეტული თარიღი დაზუსტებისთანავე გამოქვეყნდება. აბიტურიენტმა ასევე უნდა გაითვალისწინოს, რომ ის ვერ აირჩევს პროგრამებს, თუ არ ექნება მითითებული რელევანტური საგნები. აქედან გამომდინარე, ვერ მიიღებს მონაწილეობას ჩარიცხვების კონკურსში“, – იუწყება ცენტრი.
შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციის პირველი, ძირითადი ეტაპი პირველ მარტს დაიწყო და 31 მარტის 18:00 საათზე დასრულდა. რეგისტრაცია 38 300-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს აბიტურიენტებს, ნებისმიერი ცვლილების განხორციელების შემთხვევაში გამოიყენონ შენახვის ღილაკი და დაიმახსოვრონ შესაბამისი ცვლილება.