ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის 14 მიკრო ავტობუსის მძღოლი გაფიცულია – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ბესო ქათამაძე ავრცელებს.
“ქვეყანაში სრული ვაგხანალია და უპატრონობაა.
ორი დღეა დაბა ნასაკირალის სკოლაზე მომუშავე 14 მიკრო ავტობუსის მძღოლი გაფიცულია, პროტესტის ნიშნად არ გადაყავს სკოლაში ხუთასამდე ბავშვი, მომკითხავი კაცი არაა დ არც არავის აღელვებს,“ – წერს ბესო ქათამაძე.
“გურია ნიუსი“ დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლის დირექტორს, სპარტაკ გოგიტიძეს დაუკავშირდა.
“ჩვენ ამ საქმესთან კავშირი არ გვაქვს. ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ სატრანსპორტო კომპანიის და მიკრო ავტობუსის მძღოლებს შორის არის გაურკვევლობა“ ,- გვითხრა სპარტაკ გოგიტიძემ.
“გურია ნიუსი“ აგრძელებს მუშაობას ამ თემასთან დაკავშირებით და დეტალებს უახლოეს დროში შემოგთავაზებთ.