ოზურგეთში, პროდუქტზე ფასების ზრდის პარალელურად, არაერთ სავაჭრო ქსელში არსებული ფასდაკლების აქცია, ერთგვარი შვება უნდა იყოს რიგითი მომხმარებლებისთვის. ზოგჯერ ეს ასეცაა. თუმცა მომხმარებელთა დიდი ნაწილი, ამ ყველაფერს სასაცილოდ მიიჩნევს.
მაგალითად, კომიკურია ერთ-ერთ სავაჭრო ობიექტზე („ორი ნაბიჯი“) , თაროებზე ლამაზად განლაგებული პროდუქციის სააქციო ფასების რაოდენობა და მისგან მიღებული ე.წ. შეღავათი.
აქ მითითებულია, რომ ერთი ლიტრი ლიმონათი 1.49 ლარია. ხოლო ერთი კილოგრამი შაქარი 2.29 ლარი ღირს.
მოლარე-ოპერატორი გვეუბნება, რომ ლიმონათში 1.50 თეთრი უნდა გადავიხადოთ და ქვითარიც ასე ამოგვიწერა. ასე დაამრგვალა შაქრის ფასიც _ 2.29 ლარის ნაცვლად, 2.30 ლარი. გამოდის, რომ მყიდველმა, სოლ ცოტა, ხუთი ლიტრი ლიმონათი და ხუთი კილოგრამი შაქარი თუ არ იყიდა, თავად ხუთი თეთრი კი არ უნდა „იჩუქოს“, არამედ იქეთ უნდა აჩუქოს.
_ ისე მაინც მოიტყუონ, ნუ დაგვცინებენ. 1 თეთრი, რა ხანია, ბრუნვაში აღარც გვინახავს. ვის ატყუებენ? რა უბედურებაა ეს , სად სწავლობენ ასეთ ბიზნესს? ეტყობა, იფიქრეს, ორი ნაბიჯის გადადგმა უნდა გვიღირდეს ორ თეთრად…სჯობს, გავიცინოთ, _ გვეუბნება ერთ-ერთი მომხმარებელი.
ვრცლად ფასების მატების შესახებ, მალე შემოგთავაზებთ სტატიას.