თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ქვეყანაში 29 აპრილიდან 17 მაისამდე სრული ლოკდაუნის რეჟიმი იმოქმედებს.
„29 აპრილის 19:00 საათიდან 17 მაისის 05:00 საათამდე სრული ლოკდაუნი ამოქმედდება. ყველა ოფისი, სამუშაო ადგილი დახურული იქნება. საქალაქთაშორისო მოძრაობა სავალდებულო ნებართვით განხორციელდება, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტი 50%-იანი დატვირთვით იმუშავებს“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.
გარდა ამისა, ლოკდაუნის მოქმედების პერიოდში სკოლები და ბაღები დაიხურება, ხოლო დანარჩენი სასწავლო დაწესებულებები სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ.
თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ ზომების მიზანი კორონავირუსის ახალი შემთხვევების დღიური მაჩვენებლის 5 ათას შემთხვევამდე ჩამოყვანაა.