არ შეიძლება, რომ ოპოზიცია შემოთვლისა და მოძახილის რეჟიმში იყოს – ეს მოგვწონს, ის არაო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით სერგეენკომ ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.
„უნდა მოვიდნენ, დასხდნენ კომიტეტებში და იქ არგუმენტირებულად შეჯერდეს საბოლოო შედეგი, რომელიც იქნება ყველასთვის მისაღები და სამართლიანი. პარლამენტი ამისთვის არსებობს, რადგან სხვანაირად ადამიანების ჯგუფი დაჯდებოდა სადღაც, მოითათბირებდა და ამოპრინტავდა გადაწყვეტილებას. პარლამენტი იმისთვის არსებობს, რომ ღია დებატებში მოხდეს მოსაზრებების შეჯერება.
„ქართული ოცნება“ მაინც გაიტანს ამ კანონპროექტს და საზოგადოების არგუმენტებს მოისმენს. არავის, არც პოზიციას, არც ოპოზიციას აქვს იმის ილუზია, რომ ვიღაცას თვალში ნაცარს შეაყრის“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
პარლამენტში ამნისტიის 2 კანონპროექტია დარეგისტრირებული – ერთი „ქართული ოცნების“, მეორე კი ოპოზიციის.