„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მას შემდეგ გამოაცხადებს, რაც რეგიონებში ჩავა და საზოგადოების ფართო სპექტრთან ექნება კომუნიკაცია. როგორ მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიღებული გადაწყვეტილება პრაგმატული და რაციონალური იქნება.
ნიკა მელიას თქმით, კონკრეტული გადაწყვეტილება შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით პარტიაში უმეტესობას მიღებული აქვს.
“კონკრეტული გადაწყვეტილება ძალიან ბევრ ადამიანს მიღებული აქვს და შეიძლება მეც მქონდეს მიღებული უკვე და წინ შეიძლება ბევრი არაფერი მიდგას, რომ ჩავატარო დღეს საღამოს ბრიფინგი და საზოგადოებას ვაცნობო პარტიის სახელით გადაწყვეტილება, ჩემ თავზე ავიღო ის რაც ლეგიტიმურად არჩეულმა თავმჯდომარემ უნდა აიღოს ხშირ შემთხვევაში, პასუხისმგებლობას რასაც ვეძახით, მაგრამ განგებ არ ვაკეთებ ამას. სულ რაღაც 4 დღე ვარ იქ, სადაც ვარ, ანუ აღარ ვარ იქ სადაც ვიყავი. არ მინდა უბრალოდ რომ უპატივცემულობა დავაფიქსირო ძალიან ბევრი ადამიანის მიმართ ამ უზარმაზარ პარტიაში, ამავე დროს არ მინდა თუნდაც რამდენიმე რეგიონში ჩაუსვლელად მივიღო ეს გადაწყვეტილება. მინდა, რომ საზოგადოების რაც შეიძლება ფართო ნაწილთან მქონდეს კომუნიკაციის შესაძლებლობა. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, გამოცხადდება ეს გადაწყვეტილება, რომელიც იქნება პრაგმატული და რაციონალური”, – განაცხადა ნიკა მელიამ.
ნიკა მელიას თქმით, პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა რამდენიმე დღეში გაიმართება.