ლონდონის სამეცნიერო მუზეუმის თანამშრომლებმა ჩაატარეს კენჭისყრა, რომლის შედეგების მიხედვითაც ბრიტანელებმა ამოარჩიეს ყველა დროის მნიშვნელოვანი სამეცნიერო გამოგონებები.
რეიტინგით პირველ ადგილზე რენტგენი აღმოჩნდა – მას 50 ათასი გამოკითხულიდან 10 ათასმა მისცა ხმა.
მათი აზრით, რენტგენმა, მოახდინა უდიდესი გავლენა კაცობრიობის წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე. მან პირველმა მოგვცა საშუალება, ობიექტის შიგნით შეგვეხედა ისე, რომ არ დაგვერღვია მისი სტრუქტურა და ადამიანის სხეულში ოპერაციის ჩატარების გარეშე შეგვეღწია.
ბრიტანელებს სთხოვეს, ამოერჩიათ საუკეთესონი მეცნიერების, საინჟინრო აზროვნების, ტექნოლოგიებისა და მედიცინის დარგში. ამომწურავი ინფორმაცია კენჭისყრაზე დაყენებული თითოეული დარგის შესახებ შეიძლებოდა მიეღოთ მეცნიერების მუზეუმის დათვალიერებისას.
ლიდერთა სამეული მედიცინის მიღწევებიდან გამოარჩიეს – რენტგენის შემდეგ მოდის პენიცილინისა და დნმ-ის ორმაგი სპირალური სტრუქტურის აღმოჩენა.
მნიშვნელოვან აღმოჩენათა ათეული ასე გამოიყურება: 1. რენტგენის აპარატი. 2. პენიცილინი. 3. დნმ-ის ორმაგი სპირალი. 4. კოსმოსური აპარატი „აპოლონ 10“. 5. „ფაუ 2“ (გერმანელების ერთსაფეხურიანი ბალისტიკური რაკეტა). 6. პირველი ლოკომოტივი „რაკეტა“. 7. კომპიუტერი „პილოტ ეისი“ (დიდ ბრიტანეთში შექმნილი ერთ-ერთი პირველი კომპიუტერი, მან საშუალება მოგვცა, ზუსტად გაგვეგო, რომ კომპიუტერს აქვს უდიდესი შესაძლებლობები). 8. პირველი მანქანა. 9. „ფორდ მოდელ ტ“ (ავტომობილი, რომელიც გამოუშვა „ფორდის“ კომპანიამ 1908-დან 1927 წლამდე). 10 ელექტრული ტელეგრაფი.