„მეფე ნარიმანი“, „ღმერთი ნიკოლოზი“ – ასე მოიხსენიებს მისი მრევლი ნარიმან მაქარაშვილს, რომელიც ბერად 1992 წელს აღიკვეცა და ბერი გაბრიელის მორჩილებაში იმყოფებოდა. მალევე საპატრიარქომ მღვდელმსახურება ავადმყოფობის მიზეზით აუკრძალა. მამა ნიკოლოზი უკვე 15 წელია მდუმარებაშია და მრევლს ჩანაწერებით ეკონტაქტება, სადაც თავის თავს პატრიარქს, მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს და მეფეს უწოდებს. თმა და წვერი გაიპარსა და როგორც მისივე ჩანაწრებიდან ირკვევა, მიზეზად „ტვინთან დაკავშირებულ პრობლემებს ასახელებს“, თუმცა ამაში რას გულისხმობს, ბევრისთვის გაურკვეველია.
ის ამჟამად ზემო ფონიჭალის მე-13 კორპუსში, მე-7 სართულზე ცხოვრობს. ბინის ქირას მრევლი უხდის, მრევლი ამარაგებს საკვებითაც. კორპუსის ეზოსა და სადარბაზოში, სადაც სამლოცველოა მოწყობილი ყოველ დღე თბილსიდან და სხვადასხვა რეგიონებიდან ადამიანები იკრიბებიან, ლოცულობენ და ელოდებიან მამა ნიკოლოზის ფანჯარაში ან სადარბაზოში გამოჩენას, რათა მისგან დალოცვა მიიღონ. ბერი ხალხთან იშვიათად ჩნდება. მათი თქმით, ბერი ნიკოლოზის სახელს არაერთი სასწაული უკავშირდება. ბრევს სჯერა, რომ ის წმინდანია, სასწაულებს ახდენს და საქართველოს მხსნელია.
მრევლისგან გასხვავებულად ფიქრობენ მეზობლები. ამავე კორპუსის მცხოვრებლები ჩვენთან საუბარში ამბობენ, რომ ბერის მიმდევრები ხშირად აგრესიულობით გამოირჩევიან. კორპუსის მცხოვრებლებს აღიზიანებთ მუდმივი ხალხმრავლობაც ეზოსა და სადარბაზოში.
„ხმაური ნაკლებად გვაწუხებს, მაგრამ სადარბაზო ეკლესიად აქვთ ქცეული. ამოდიან და ტევა აღარაა ხშირად. ეზოშიც ჯგუფად არიან და დამთრგუნველია ყოველ დღე ამის ყურება. ხმას ვერ გასცემ ვერცერთს, მაშინვე იწყებენ ჩვენს დამუნათებას, რომ თითქოს ურწმუნოები ვიყოთ, არადა თავად არიან ურწმუნოები. ბერი ღმერთად ჰყავთ ქცეული და მის ყველა ქმედებას სიმბოლურ დატვირთვას აძლევენ“, – ამბობს “გურია ნიუსთან” საუბრსას ზემო ფონიჭალის მცხოვრები ანა ანთაძე.
ის ასევე იხსენებს პანდემიამდე კორპუსის მცხოვრებლებსა და მრევლს შორის არსებულ დაპირისპირებას, რაშიც პოლიციაც იყო ჩართული. მეზობლები მამა ნიკოლოზის გასახლებას ითხოვდნენ და მიზეზად ხმაურს ასახელებდნენ, რაც მრევლის გალობითა და სიმღერით იყო გამოწვეული. პანდემიის და კომენდანტის საათის დაწესების შემდეგ დაძაბულობა განიმუხტა, რადგან მამა ნიკოლოზის მიმდევრები ღამის თევით ვეღარ რჩებიან.
„მეფე ნარიმანის“ მრევლი ჟურნალისტების მიმართ კეთილგანწყობილები არ არიან. ამის მიზეზად, მათი თქმით, ჟურნალისტების არაობიექტურობა და ბერისადმი ზერელე და ცინიკური დამოკიდებულება სახელდება. არც მე მომცეს ფოტოს გადაღების უფლება და მითხრეს, რომ კურთხევა აუცილებლად წინასწარ უნდა მიმეღო. სცადეს, ტელეფონის წართმევა და მანამ არ გამომიშვეს, სანამ არ შეამოწმეს, რომ ფოტო ნამდვილად არ გადამიღია. დააურეკეს ვინმე დავითს, რომელმაც სასწრაფოდ ადგილის დატოვება მომთხოვა და კამერის გამოყენება ამიკრძალა. მრევლის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა კი მითხრა, რომ ჩემი იქ ყოფნისას მამა ნიკოლოზმა კარზე სამჯერ დააკაკუნა, რაც იმას ნიშნავდა, რომ არასასურველი სტუმარი ვიყავი და უნდა წავსულიყავი.
ზემო ფონიჭალაში გადმოსვლამდე ბერი ბარნოვზე, მრავალსართულიანი კორპუსის ბინაში ცხოვრობდა, რომელიც ნათესავმა უსასყიდლოდ დაუთმო. ის არაერთხელ გახდა ხმაურისა და დაპირისპირების მიზეზი. ბერის „უცნაური“ საქციელის გამო, რაც ბინიდან ზეთის და ღვინის გადმოღვრასთან ერთად საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადმოყრაში გამოიხატებოდა, იგი გამოასახლეს. ამ გამოსახლებისას კი მოხდა დაპირისპირება პოლიციასა და მამა ნიკოლოზს შორის, რაშიც მისი მრევლიც ჩაერთო. ბერის წინააღმდეგ აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმეც 120-ე მუხლით, რომელიც ჯანმრთელობის ნაკლებად მსუბუქი დაზიანებას გულისხმობს.