გულისტანის მუშებსა და თურქულ მხარეს შორის ხელშეკრულება ოფიციალურად გაფორმდა და საწარმოს მუშები ორშაბათიდან შეუდგებიან მუშაობას. ბოლო პერიოდში მხარეებს შორის მედიატორის როლს ასრულებდნენ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ნინო რურუა და პროფკავშირების წარმომადგენლები, რომლებმაც არაერთი შეხვედრა ჩაატარეს, რათა დაკმაყოფილებულიყო დასაქმებულთა მოთხოვნები.
დღეს დილით კომპანიის თურქული მხარის წარმომადგენელი გამოვიდა საწარმოდან და მხარეებმა შეთანხმების მიღწევის დასადასტურებლად ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს. კომპანიის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მუშების მოთხოვნები 100%-ით დაკმაყოფილდება.