ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სილაურში, მდინარე სუფსის კალაპოტში არსებული კარიერის შესახებ, “გურია ნიუსი” არაერთხელ წერდა.
“დაგავიწყდათ სუფსის კალაპოტი და აქაური მაოხრებლები? პირდაპირ ხიდს მოადგნენ. როცა აქედან სამი კილომეტრის დაშორებით მუშაობდნენ და აქციებს ვმართავდით, გვეუბნებოდნენ, რომ 200 მეტრითაც რომ ჩამოვყვეთ თავქვე კალაპოტს, საციხოდ იქნება ჩვენი საქმეო…
ახლა სად ხართ? არასამთავრობოები სად არიან? ჟურნალისტებს მაინც არ დაგავიწყდეთ!
ხიდს მოადგნენ პირდაპირ ეს მაოხრებლები. მართლა არ ჰყავს ქვეყანას პატრონი?! მაშინ რასაც ვაპროტესტებდით, ის იავნანა იყო…” _ უთხრეს “გურია ნიუსს” ადგილობრივმა მცხოვრებლებმა.
ადგილზე მისულებს, მართლაც საგანგაშო მდგომარეობა დაგვხვდა _ კარიერი სუფსის ხიდთან, დაახლოებით, ორას მეტრ მანძილზე არის მოახლოებული. როგორც გვითხრეს, აქ კვლავ კომპანია “ქიუ ემ სი” და ასევე, თურქული კომპანია მუშაობენ.
მდინარის ხეობაში შემავალ გზაზე, ტვირთმზიდების ქარავანს ბოლო არ უჩანს. ექსკავატორები გამალებით მუშაობენ და ერთდროულად სამ-ოთხ ტვირთმზიდზე ყრიან ხრეშს.
კითხვაზე, თუ ვინ არის სამუშაოების ხელმძღვანელი და იმყოფებოდა თუ არა ადგილზე, გვითხრეს, რომ ამჯერად უფროსი ადგილზე არ იმყოფება. მიგვითითეს მამაკაცზე, რომელიც რაღაცას ინიშნავდა.
_ მე გამტარი ვარ. ვინიშნავ, რამდენი რეისი წავა…
_ დათვლა არ გიჭირთ?
_ უჰ, არა, რაც უნდა ბევრი იყოს..
_ აწონვა თუ ხდება? ვხედავთ, ძლივს ეტევა ხრეში ტრაილერზე.
_ როგორ არა, ზემოთაა სასწორი.
_ ეს მანქანები რომ ქვევით მიდიან?
_ ზოგი ზევით წავა, დააკვირდი, მერე მობრუნდება და წავა ქვევით.
_ ზოგი რომ პირდაპირ ქვევით მიდის?
_ იმას, რომელიც პირდაპირ გადის კარიერიდან, ადგილზე რომ მივა, იქ აწონია. დახვდება მწონავი და სასწორი…(?)
ჩვენ მდინარის კალაპოტის სიღრმეში შევედით, იქ, სადაც ასაწონი სისტემაა მოწყობილი. იმავე ხეობაში, სუფსის კალაპოტში, სხვა კონტურში კიდევ ერთი კომპანია _ “სამი ძმა” მუშაობს. მათაც იგივე გვითხრეს, რომ აუწონავ ტვირთს არ გზავნიან. იქაც იდგა აღმრიცხველი.
ჩვენ დავინტერესდით, გადაგვემოწმებინა, ნამდვილად დგებოდნენ თუ არა სატვირთოები სასწორზე და ყველაზე მთავარი _ მუშაობდა თუ არა სასწორი?
მკითხველებს შევახსენებთ, რომ გასულ წელს მსგავსი დაკვირვების დროს, სატვირთო ავიდა სასწორზე, თუმცა, სისტემა არ მუშაობდა!
სასწორის მეთვალყურე პირმა გვითხრა, რომ სისტემა გამართულად მუშაობს და სატვირთოებს წონის… მასაც ბლოკნოტი ეჭირა…
ჩვენ გზიდან გადავედით და მოშორებით დავდექით, რადგან ზემოდან მომავალი ტრაილერი შევნიშნეთ, რომელსაც აშკარად ეტყობოდა, რომ განსაზღვრულზე ბევრად მეტი ტვირთი მოჰქონდა. ხრეშით დატვირთულმა მშვიდად აუარა გვერდი სასწორს და გზა განაგრძო.
კითხვაზე, თუ რატომ არ შევიდა სატვირთო ჯერ მაკონტროლებელ სასწორზე, მწონავმა გვითხრა, რომ ზოგი ტვირთი აქ არ იწონება და როცა ჩავა ადგილზე, იქ წონიან (?!)
ანალოგიურ კითხვაზე _ რატომ ეჭირა ხელში ავტოკალამი და წიგნაკი, გვიპასუხა, რომ უნდა ჩაენიშნა ის ტვირთმზიდები, რომლებსაც თავად აწონიდა.
როცა “ზემოურებსაც” მივმართეთ (კომპანია “სამი ძმა”), ჰქონდათ თუ არა ლიცენზია და რატომ იყვნენ კალაპოტიდან უფრო სიღრმეში შეწეული, გვითხრეს, რომ მხოლოდ კონტურებში მუშაობენ და არაფერს აშავებენ.
_ ისევ ქვევით წადით და იმათ დააკვირდით, თამარ მეფის საფლავამდე რომ გათხარეს, ლამის, ყველაფერი… ჩვენ არაფერს ვაფუჭებთ. მდინარის კალაპოტი აქეთ შემოგვაქვს, რომ გაღმა ნაპირზე მდებარე ყანები არ დაზიანდეს, _ გვითხრეს აქ.
კომპანია “ქიუ ემ სის” წარმომადგენლები, სუფსის ხიდთან მოახლოებას აუცილებლობით ხსნიან და ამბობენ, რომ “თუ მარჯვენა სანაპირო არ გასწორხაზოვნდა, შესაძლოა, ხიდს წაქცევის საფრთხე დაემუქროს”:
_ სუფსის კალაპოტში ჩვენ წესის დაცვით ვმუშაობთ. დროთა განმავლობაში ჭარბი ნატანის გამო, მდინარის მარჯვენა სანაპირო შემოწეულია კალაპოტში და წარმოქმნილია კუნძული. მდინარე მკვეთრად არის მიწეული მარცხნივ, უხვევს და გადის ხიდის ქვეშ, ჯერ განივად და შემდეგ მიიწევს პირდაპირ.
დარტყმა ხდება ამჯერად მარჯვენა სანაპიროზე, რომლიდან ათიოდე მეტრში მაღალი ძაბვის სადენების ბოძების ზოლია. თუ ეს ზემოდანვე არ გასწორხაზოვნდა, არსებობს ხიდის ბოძების და ასევე, სადენების ბოძების ღია საფრთხე.
ამაზე სასაუბროდ ადგილობრივებთან, ამ ხიდის ქვეშ შევიკრიბეთ, ესწრებოდა სოფლის ხელმძღვანელობა.
საგანგებოდ გეტყვით იმასაც, რომ ხიდის თავდაპირველად აშენების დროს, რა პროექტიც არსებობდა, იმ სურათში საერთოდ არ ჩანს მარჯვენა ნაპირზე მინდორი.
იქ ჩანს მდინარის სწორი კალაპოტი, რაც ღიად აჩვენებს, რომ დროთა განმავლობაში, მდინარემ კალაპოტი იცვალა დიდძალი ნატანის ჩამოზიდვის გამო. გადაინაცვლა მარცხენა მხარეს. მერე ისევ მარჯვნივ მოსახვევი გააკეთა, სიგანეზე გამოჰყვა ხიდის საყრდენ ბოძებს და მარჯვენა კუთხეს ძირს უთხრის.
ეს თუ არ გასწორდა, ვიმეორებ, აქ მალე, შესაძლოა, ბოძები წაიქცეს და ტრაგედია დატრიალდეს. როგორ ფიქრობთ, ამის მეტს ვერ ვხვდებით?! ან შარში ვყოფთ თავს? _ გვითხრეს კომპანია “ქიუ ემ სის” წარმომადგენლებმა, რომლებიც აქ ერთ-ერთ თურქულ კომპანიასთან ერთად მუშაობენ.
ადგილობრივი მცხოვრებლები ამბობენ, რომ კომპანია “ქიუ ემ სიმ” სილაურის მცხოვრებლებს 100 ჰა ფართობი სახნავ-სათესი მიწა დაუხნა და დაუფარცხა. ასევე, ოჯახებს, რომელსაც ინერტული მასალა სჭირდებოდა, დაეხმარა.
თუმცა, არ არიან ბოლომდე დარწმუნებული, რომ სუფსის კალაპოტში ასე გაფართოებული კარიერი ზიანს არ მოუტანს ხეობას, მდინარეს, გზას თუ ხიდს.
ამიტომ ითხოვენ და შეახსენებენ ყოველთვის ყველას, მათ შორის, ჟურნალისტებს, რომ თვალი ადევნონ კარიერებზე მომუშავეებს:
_ ყველა წავა და ჩვენ აქ დავრჩებით. მდინარის კალაპოტში იმხელა ტბებია გაჩენილი, ისეა დაქსაქსული კალაპოტი, ვერც ადამიანი და ვერც პირუტყვი ვერ გაივლის უსაფრთხოდ.
ყოველი გადაადგილებისას გაასწორონ, მოაწესრიგონ და ისე დატოვონ. გარდა ამისა, რა დაუმთავრებელი სჭირთ?
სად მიაქვთ ამდენი ქვიშა-ხრეში? არის ვინმე განმკითხავი და აწარმოებს მონიტორინგს?! გვერდს ვერ აუვლი, იმდენი სატვირთო დაქრის, _ ამბობენ აქაურები და ითხოვენ მშვიდ გარემოს, სადაც მდინარის სანაპიროზე ჩასვლა იქნება შესაძლებელი, გზაზე სიარული კი _ უსაფრთხო.
ავტორი: მარინა ჩიხლაძე