ვენესუელაში, ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, ფრედი გევარა ტერორიზმისა და ღალატის ბრალდებით დააკავეს, _ ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ტელეკომპანია წერს, პოლიტიკოსი დედაქალაქ კარაკასის მაგისტრალზე მაშინ დააკავეს, როცა ის საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებოდა. მემარცხენე მთავრობა მას „ექსტრემისტულ ჯგუფებთან“ და უცხო ქვეყნების მთავრობებთან კავშირს ედავება.
როგორც BBC წერს, გევარა ოპოზიციის კიდევ ერთი ლიდერის, ხუან გუაიდოს ახლო მოკავშირეა. გუაიდო აცხადებს, რომ შემთხვევას შეესწრო და როცა კოლეგასთან მიახლოება და მისი დახმარება სცადა, შეიარაღებული პირები დაემუქრნენ.
„ბრალი წავუყენეთ ტერორიზმის, კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ თავდასხმების, დანაშაულებრივი შეთქმულებისა და ღალატისთვის”, _ აცხადებს გენერალური პროკურორი.
BBC -ს ინფორმაციით, გევარას გასულ წლებშიც დევნიდნენ. 2017 წელს, მას შემდეგ, რაც ის მთავრობამ ოპოზიციის საპროტესტო გამოსვლების დროს ძალადობის წაქეზებაში დაადანაშაულა, თავი ჩილეს საელჩოს შეაფარა. მას ეს ბრალდება, დაახლოებით, ერთი წლის წინ მოუხსნეს.
ცნობისთვის, ვენესუელას ორი პრეზიდენტი და ორი პარლამენტი ჰყავს – აშშ, დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირი და ლათინური ამერიკის მთავრობების უმეტესობა ვენესუელას ლეგიტიმურ ლიდერად ხუან გუაიდოს ცნობს, მაგრამ ნიკოლას მადურო კვლავ აკონტროლებს უსაფრთხოების ძალებს და ჰყავს ძლიერი მოკავშირეები ჩინეთსა და რუსეთში.
ავტორი: მერაბ ცაავა