საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან, მთელი 30 წლის განმავლობაში, სიმართლე გითხრათ, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მედია მიკროფონებს დადებდა და ქვეყნის მთავარ პოლიტიკურ სცენაზე ავიდოდა პოლიტიკური გზავნილებით, მაგრამ ეს მოახერხა „ქართულმა ოცნებამ“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მმართველმა გუნდმა იქამდე მიიყვანა ქვეყანა, რომ დღეს ჟურნალისტები პოლიტიკური გზავნილებით გამოდიან და აქციებს აწყობენ.
„ამას ხომ მოხერხება უნდა?! მოხერხება უნდა, რომ ჟურნალისტებს, რომლებსაც არასდროს უთქვამთ უარი საკუთარ პროფესიაზე და არ დაუკავებიათ ქვეყნის მთავარი გამზირი, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში მედია ყოველთვის პოლარიზებული იყო, სხვა გამოსავალი არ დაუტოვა „ქართულმა ოცნებამ“. ის, რაც 5-6 ივლისს ვნახეთ, პირდაპირ ომი გამოუცხადა ღარიბაშვილმა იმ მედიასაშუალებებს, რომლებიც მისი კონტროლის ქვეშ არ იყვნენ“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადებების კომენტირებისას, უდუმაშვილმა აღნიშნა, რომ ღარიბაშვილმა ახლა რაც უნდა ისაუბროს, ყველა ხედავს ქვეყანაში არსებულ ვითარებას.
„ცხრა წელია, ვისმენთ საუბარს იმ ცხრა წელზე. ეს საუბარი აღარ დასრულდა, რადგან „ქართულ ოცნებას“ სხვა არგუმენტები არ გააჩნია. იმის მაგივრად, ისაუბროს, თვითონ რა გააკეთა, არ გაუკეთებია არაფერი, მაგრამ თვითონ რა გააფუჭა ამ ქვეყანაში, მუდმივად გვესმის საუბარი რაღაც ცხრა წელზე, რომელიც იმ პერიოდში იყო. ახლა ასეთი არგუმენტები არ ჭრის, უფრო სწორად, ამას არგუმენტების არქონა ჰქვია. ღარიბაშვილმა ახლა რაც უნდა ისაუბროს, ყველა ხედავს, ქვეყანაში რა ვითარებაა. დღეს სასამართლო ერთი კაცის დაქვემდებარების ქვეშაა და ეს ბუნებრივიცაა. დღეს ბიძინა ივანიშვილს თუ რაიმე ძალაუფლება აქვს დარჩენილი, ეს ძალაუფლება მთლიანად დგას მორჩილ სასამართლო ხელისუფლებაზე. სწორედ ამით ხდება მისი მანიპულირება. ვხედავთ, რომ ყოველდღიურად ვიღაცის წინააღმდეგ პროცესი წარიმართება, ვიღაცას სასამართლოში დაიბარებენ, ძირითადად პოლიტიკურ ლიდერებს, ამით აპირებს ივანიშვილი, ძალაუფლება შეინარჩუნოს და არც აპირებს ამ სადავეების ხელიდან გაშვებას. აუცილებელია ხელისუფლების ცვლილება, რათა რეფორმები, რომლებიც ამ ქვეყანას საბოლოო ჯამში მიიყვანს მთავარ მიზნამდე, რასაც ევროპული ოჯახი ჰქვია, ძალიან სწრაფად განხორციელდეს“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
წყარო: 1ტვ