წუხელ ურეკში, როგორც ვიუწყებოდით, დამსვენებელთა გაქურდვაში ეჭვმიტანილი ერთი პირი დააკავეს.
ჩვენი წყაროს ცნობით, დიდი ხანია, დამსვენებლებს პარავენ საფულეებს, უმეტესად, კოტეჯებში შედიან და ზოგჯერ ზღვაზეც ხდება გაქურდვა. ამჯერად ერთმა დამსვენებელმა გოგონამ, რომელმაც ხელჩანთა და საფულე კოტეჯში დატოვა და მეგობარ გოგონასთან ერთად, ზღვაზე იყო გასული, მოულოდნელად მესიჯი მიუვიდა, რომ ნიკორას მაღაზიაში მისი ბარათით სურსათი შეიძინეს. ის სასწრაფოდ გაიქცა და კოტეჯში არ დახვდა ხელჩანთა. დაკარგული თანხა 800 ლარს შეადგენს. მოგვიანებით, მისი საფულე და საბუთები სანაგვე ურნაში იპოვეს. მეორე გოგონას კი საბუთები საერთოდ დაეკარგა, ეტყობა, ნაგვის მანქანამ მოასწრო წაღება. დამნაშავე , ეტყობა, გაცარიელებულ საფულეებს ან ნაგვის ურნასთან ყრიდა, ან შიგ აგდებდა -როგორც მოასწრებდა – გვეუბნება წყარო.
წყარო გვეუბნება ასევე, რომ პოლიციამ ვიდეოთვალის დახმარებითაც შეძლო დამნაშავის იდენტიფიცირება.
მართლაც, ოპერატიულად იმუშავეს. ალბათ, გამოძიება დაადგენს, ჰყავდა თუ არა მას თანამზრახველები. საზღვაო სეზონი ახლა იწყება, ასე ჰქვია, და ხალხს სიმშვიდე სჭირდება, _ განმარტავს წყარო.
„გურია ნიუსი“ ამჯერად შსს-ს პრესსამსახურის კომენტარის მოპოვებას ცდილობს, რასაც მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
ავტორი: მარინა ჩიხლაძე