ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებისთვის ადგილობრივი საარჩევნო ადმინისტრაციები მათზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების შესრულებას არ შედგომიან; არც პოლიტიკური პარტიები ჩაბმულან ღიად საარჩევნო კამპანიაში, თუმცა, ფაქტია, რომ, რაც უფრო ვუახლოვდებით არჩევნების თარიღს, მით უფრო იმატებს წინასაარჩევნო დუღილის ტემპერატურა.
ლანჩხუთში პოლიტიკურ პარტიებში წინასაარჩევნო სამზადისი მეტ-ნაკლები აქტიურობით მიმდინარეობს. ამ ეტაპზე პარტიები, ძირითადად, ადამიანური რესურსის მოძიებითაა დაკავებული, რის შემდეგაც აქტიურ მუშაობას დაიწყებენ.
ფაქტია, რომ ამ დროისთვის მთავარი ინტრიგის შემცველია უშუალოდ პარტიების საარჩევნო სიების დაკომპლექტების საკითხი. ვინ მოხვდება “საოცნებო” სიებში, ვინ ივაჟკაცებს და ვინ ვის მოაწონებს საბოლოოდ თავს _ ესაა მავანთა მთავარი საზრუნავი. როგორც ჩანს, ამ ქვეყანაში არსებულ წარუმატებელ პოლიტიკურ ასპარეზზეც კი, ამბიცია და სურვილი, ბლომად დაგროვებულა.
ყველაზე მეტი საუბარი და ქვედა დინებები, ბუნებრივია, მმართველი პარტიის სიის ფორმირებას ახლავს თან და როგორც ყოველთვის, ახლაც დიდი მითქმა-მოთქმაა გაჩაღებული. სურათი კი ასეთია: მოქმედ დეპუტატთა ამბიციებს ემატება, როგორც ახალ სახეთა მისწრაფებანი, ასევე, ძველი კადრების აღორძინების მცდელობები.
ადამიანი, ვინც საბოლოოდ შეაჯერებს სახელისუფლებო გუნდს, ამ ეტაპზე არის მუნიციპალიტეტებში მთავარი ფიგურა, მაგრამ ირკვევა, რომ ეს ამბიცია და ძალაუფლება ერთს, ორს თუ მეტ ადამიანს გააჩნია. ჰოდა, სიების ვარიანტებიც შესაბამისად “დამალაგებელთა” რაოდენობის მიხედვით ფიგურირებს და ვინ ვის აჯობებს, ეს საბოლოო ფორმირების შედეგად გახდება ცნობილი.
დავიწყოთ იმით, რომ წლევანდელი მოწვევის საკრებულოში სულ 27 დეპუტატი იქნება ასარჩევი, აქედან, 18 პროპორციული წესით, ანუ პარტიათა საარჩევნო სიებით, 9 კი _ მაჟორიტარული სისტემით. ჩვენი ინფორმაციით, “ქართულ ოცნებას” ამ ცხრა სამაჟორიტარო უბნიდან, რამდენიმეში უალტერნატივო კანდიდატურა ჰყავთ. ასეა მაჩხვარეთის, გვიმბალაურისა და ჩიბათის საარჩევნო უბანზე, სადაც ჩიბათის მოქმედი მაჟორიტარი, გიორგი ჩახვაძე იქნება მთავარი ფალავანი. ჩახვაძე “ქართული ოცნების” მმართველობის ორივე მოწვევის საკრებულოს წევრი გახლავთ და მესამედაც ეცდება იმავეს გამეორებას.
იგივე ითქმის საკრებულოს მოქმედ თავმჯდომარეზე ბესიკ ტაბიძეზეც, რომელიც, ასევე, მესამე ცდაზე მიდის და კვლავაც ნიგვზიანის თემის მაჟორიტარი იქნება, რომელმაც ახალი მოწყობით, ნინოშვილის ამომრჩეველთა გულიც უნდა მოიგოს. ტაბიძე სულ “გრიალ-გრიალით” იგებდა არჩევნებს საკუთარ თემში და სავარაუდოდ, არც ახლა გაუჭირდება, მაგრამ კვლავ ვიხილავთ თუ არა მას საკრებულოს თავმჯდომარედ, ამაზე მსჯელობაც კი ფრიად ბუნდოვანია. როგორც ამბობენ, მას ერთ-ერთი კომისიის თავმჯდომარეობას ჰპირდებიან.
მესამე უალტერნატივო კანდიდატი ემზარ თევდორაძე იქნება, რომელიც საკრებულოს წევრობის ყველაზე მეტი სტაჟით გამოირჩევა. ახლაც მაჟორიტარობას უმიზნებს იგი, მაგრამ მშობლიური აცანის გარდა, მეზობელი აკეთისა და მამათის ხმებზეც მოუწევს ნადირობა.
რაც შეეხება ქალაქ ლანჩხუთს, აქ თავიდან ორი მაჟორიტარი იყო დაგეგმილი, მაგრამ პარლამენტის გადაწყვეტილებით, მხოლოდ ერთი ადგილია და მმართველ გუნდში კონკურენციაც მაღალია მის მოსაპოვებლად. არსებული ინფორმაციით, მმართველი ძალის რჩეულობის მოპოვების სურვილი აქვს ა(ა)იპ “ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრის” მოქმედი დირექტორს, დავით წულაძეს, რომელიც გამოცდილი კანონმდებელია და აქამდე ორი მოწვევის საკრებულოში, როგორც ოპოზიციონერი, ისე იყო წარმოდგენილი. წულაძე საკმაოდ დიდი ორგანიზაციის უფროსია და როგორც მისი საქმიანობიდან გამომდინარე, ასევე, წარსულის გამოცდილების შემხედვარე, შანსები საკმაოდ დიდი აქვს.
რთული არჩევნის წინაშე დგას “ოცნება”, თუ ვინ შეარჩიოს ქალაქის მაჟორიტარად. წულაძის მთავარი კონკურენტი მოქმედი დეპუტატი, კახა კვიტაიშვილი იქნება, რომელსაც არანაკლები გავლენა აქვს ქალაქში. კიდევ არიან კანდიდატები, მაგრამ, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ამ ორ კანდიდატს შორის უნდა გაკეთდეს არჩევანი.
ფრიად პიკანტური სიტუაციაა ლესისა და ჯურუყვეთის საარჩევნო უბანზე, სადაც ერთმანეთის კონკურენტები მზახლები არიან. ლესის მოქმედი მაჟორიტარი, ელისო ჭიჭინაძე და მისი მზახალი, ამჟამად ჯურუყვეთის თემის, ასევე მაჟორიტარი, სპარტაკ კვაჭაძე ისევ გამოთქვამენ მზაობას ხალხის რჩეულები გახდნენ, მაგრამ მათთვის, სამწუხაროდ, არჩევანი ორია, ადგილი კი _ ერთი. როგორც გავიგეთ, ჭიჭინაძე მზად არის ადგილი დაუთმოს მოყვარეს, თუ საარჩევნო სიაში გამსვლელი ადგილი მისთვისაც მოიძებნება. თუმცა, რა და როგორ გადალაგდება, ამას, იმედია, მალე შევიტყობთ.
ჩვენი წყარო ამბობს, რომ სუფსის თემში ერთგვარი როქი იგეგმება _ მოქმედი მაჟორიტარი ზურაბ კუკულავა ამ ჯერზე საარჩევნო სიაში მოხვდება, ხოლო 2014 წლის მოწვევის საკრებულოს სუფსის მაჟორიტარი და მოქმედი საკრებულოს მმართველი ძალის ფრაქციის თავმჯდომარე, ბესიკ კუპრაძე, სუფსის მოსახლეობისგან ისევ პერსონალურ არჩევანს შეეჭიდება.
რაც შეეხება ჩოჩხათს, აქ საუბარია “ოცნების” სიით საკრებულოში მოხვედრილ ცნობილ ექიმზე, ლანჩხუთის “მედალფას” კლინიკის დირექტორზე, რეზო კვერენჩხილაძეზე, რომელსაც ახალ საკრებულოში მოხვედრა, უკვე მაჟორიტართა მარაქაში გარევის შედეგად მოუწევს, თუმცა, გამორიცხული არაა, არჩევანი მოქმედ მაჟორიტარზეც გაკეთდეს.
უალტერნატივო არც დარჩენილი ორი უბნის მოქმედი “მაჟორები” არიან _ ნიგოითისა და შუხუთის უბანზე ზაზა წულაძის კანდიდატურა განიხილება, თუმცა, მის კონკურენტად გიორგი იმნაიშვილიც სახელდება. პირველი ნიგოითის მოქმედი მაჟორიტარია, მეორე კი შუხუთის ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელი.
ანალოგიურია სიტუაცია ღრმაღელე-წყალწმინდის უბანზეც, სადაც მოქმედი მაჟორიტარი, კახა თევდორაძეა მთავარი კანდიდატი, თუმცა, სხვა კანდიდატურებზე არჩევნის გაკეთებაც არ იქნება მოულოდნელი.
საგულისხმოა, რომ როგორც მაჟორიტართა, ასევე, გამსვლელ პარტიულ სიაში მომხვედრთა ვინაობა, დიდწილად დამოკიდებულია, თუ ვინ იქნება მერობის კანდიდატი. მერობის ერთ-ერთ კანდიდატად, აკეთელი მამუკა მჟავანაძე მოიაზრებოდა და როგორც გავიგეთ, მისი მოსვლის შემთხვევაში არჩევანი იქნებ სულ სხვა პერსონებზე გაკეთებულიყო. თუმცა, გაირკვა, რომ მისი კანდიდატურა უკვე აღარ განიხილება და ალტერნატიული საარჩევნო სიაც შეჩერებულია.
როგორც ამბობენ, მმართველ გუნდში ფრიად გაურკვეველი სიტუაციაა ახალი მერის კანდიდატურის ირგვლივ. ერთის მხრივ, საუბარი მიდის, რომ მოქმედი მერის მაგიერ ახალი კანდიდატი იქნება, თუმცა, მმართველი გუნდი ჯერ კიდევ შერჩევის პროცესშია და სასურველი პერსონის მოძებნაც უჭირს.
მეორეს მხრივ, ისევ აქტუალური ხდება ალექსანდრე სარიშვილის პოსტის შენარჩუნების თემაც. წყარო ამბობს, რომ მას საკრებულოს თავმჯდომარეობა სურდა, მაგრამ ამ ბოლოს აზრი შეიცვალა და როგორც გვითხრეს, მოხარული იქნება კიდეც, თუ მერის პოსტს შეინარჩუნებს. ჰოდა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჯერ კიდევ ვერ შეირჩა ახალი კანდიდატურა, დიდი ალბათობით, მმართველი ძალა არჩევანს ისევ სარიშვილზე შეაჩერებს.
ცალკე ვნებათაღელვის სამყაროა მმართველი პარტიის სიის ფორმირება ლანჩხუთში. სიაში მოხვედრის მსურველი რეალურ რაოდენობასთან შედარებით, გაცილებით დიდია, მაგრამ ვინ ვის შეარჩევს, ესაა საკითხავი. ჩვენი ინფორმაციით, არსებული დეპუტატებიდან ახალ სიაში მოხვედრის შანსი ექნებათ: საკრებულოს თავმჯდომარის მოქმედ მოადგილეს, ლადო ნანაძეს, ასევე, იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს, ვერიკო კვირკველიას, ციცი ჩხაიძეს, ვენე კვირკველიას, ალექსანდრე მახათაძეს…
მნიშვნელოვნად არის ამ სიაში წარმოდგენილი ლანჩხუთის ადგილობრივი პარტიული ოფისიც. 2014 წლის მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე გოგი ხელაძე კვლავაც ეცდება საკანონმდებლო საქმიანობაში მონაწილეობის მიღებას. სამი წლის წინ, იგი ახლა მოქმედი საკრებულოს სიაშიც სახელდებოდა პირველ ნომრად, მაგრამ, საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ საერთოდ საკრებულოს მიღმა დარჩა.
ახალ სიაში მოხვედრის ამბიცია აქვს ოფისის კიდევ ერთ სტაჟიან თანამშრომელს _ ლოლიტა ურუშაძესაც.
რაც შეეხება ახალ სახეებს, აქ მუნიციპალიტეტის მერიის თუ საკრებულოს რამდენიმე მოქმედი თანამშრომელი ფიგურირებს: თორნიკე ტიკაძის, ნინო მშვიდობაძის, მაია ჩხაიძისა და ია მოქიას სახით, რომელთაც გამსვლელ სიაში მოხვედრის სურვილი აქვთ.
“ოცნების” სიაში ფიგურირებს, ასევე, დარეჯან ბურჭულაძეც, რომელიც 2014 წლის მოწვევის საკრებულოს წევრი იყო “პატრიოტთა ალიანსის” სიიდან, ხოლო ახლა, როგორც ტურიზმის ცენტრის ხელმძღვანელი, უკვე მმართველი ძალის გუნდში ირიცხება. საგულისხმოა, რომ ტრადიციისამებრ, სიაში ისევ იქნება წარმოდგენილი სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი და ეს არჩევანი, “მედალფას” კლინიკის მთავარ რადიოლოგზე, საბა წულაძეზე შეჩერდა, რომელიც, სავარაუდოდ, სიის პირველ ხუთეულში მოხვდება.
ბუნებრივია, ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაცია მთლად ამომწურავი ვერ იქნება და აქ ნახსენები ადამიანების გარდა, კიდევ ბევრია მმართველი პარტიის არჩევნის მოლოდინში, მაგრამ ამ ეტაპზე ვიცით ის, რაც ვიცით, არაა გამორიცხული, საარჩევნო სია კარდინალურად შეიცვალოს და იქ ბევრი ახალი სახეც ვიხილოთ.
რაც შეეხება ოპოზიციას, აქ ცოტა უფრო ბუნდოვანი სურათი სუფევს და ვინ ვისზე გააკეთებს არჩევანს, ამაზე ინფორმაციას, იმედია, მალე შევიტყობთ. მანამდე კი პარტიათა უმეტესობას ოფისები აქვს გასახსნელი და საარჩევნო შტაბები ასამუშავებელი. არჩევნების ოფიციალურად გამოცხადებამდე კი დღეებიღა დარჩა და ოპოზიციაც პირობას იძლევა, რომ უახლოეს დღეებში აქტიურ სამუშაო რეჟიმზე გადავლენ.
ავტორი: სოფო წილოსანი