მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ კოვიდგადატანილი პირები, ვაქცინის ერთი დოზის გაკეთების შემთხვევაში, სრულად ვაქცინირებულად ჩაითვლებიან.
ამასთან, მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით, საბჭომ განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ მათზეც გავრცელდება ის რეგულაციები, რაც სრულად ვაქცინირებული პირებისთვის.
როგორც ოპერაციული შტაბის უფროსმა აღნიშნა, ბევრი ქვეყნის პრაქტიკაა ასეთი, რომ როდესაც ადამიანს გადატანილი აქვს კოვიდი, ის ითვლება სრულად ვაქცინირებულ პირად.
„საქართვლოში როდესაც შემოდის ადამიანი, თუ ის ორჯერ არის აცრილი, მას არ ეხება შეზღუდვები საზღვრის კვეთისას. ასევე დასწრება სემინარებზე, ვორქშოპებზე და ა.შ. ბევრი ქვეყნის პრაქტიკაა ასეთი, რომ როდესაც ადამიანს გადატანილი აქვს კოვიდი, ის ითვლება სრულად ვაქცინირებულ პირად. შესაბამისად, ჩვენთანაც ხდება გათანაბრება ამ სტატუსის და თუ ადამიანს გადატანილი აქვს ვირუსი და ერთხელ არის აცრილი, იგივე სტატუსი აქვს, რაც ორჯერ აცრილ ადამიანს”, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 450 149 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 403 762 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 6128 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 42 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში – 2 552 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 6 641 პირი.