ტურიზმის სექტორში დასაქმებული ვაქცინირებული ადამიანებისთვის სახელმწიფო გარკვეული შეღავათების შემოღებას აპირებს. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა ისაუბრა.
მისი თქმით, შეღავათები დაწესდება სრულად ვაქცინირებული გიდებისთვის და კომპანიებისთვის, რომელთა თანამშრომლების 60% და მეტი იქნება აცრილი.
კერძოდ, ქვრივიშვილის განმარტებით, ორჯერადად აცრილ გიდებს საშუალება ექნებათ, მომდევნო ორი თვის განმავლობაში, ანუ სექტემბერ-ოქტომბერში, უსასყიდლოდ ისარგებლონ მუზეუმების და დაცული ტერიტორიების სერვისებით და ზამთრის კურორტებზე არსებული საბაგიროებით.
“ეს ნიშნავს, რომ ყველა გიდს, რომელსაც სრული ვაქცინაცია აქვს ჩატარებული ან ჩაიტარებს, ისინი ამ ობიექტებზე შევლენ უსასყიდლოდ”, — განაცხადა ქვრივიშვილმა.
რაც შეეხება კომპანიებს, მინისტრის მოადგილის თქმით ტურიზმის სექტორში დასაქმებული კომპანიები, რომელთა თანამშრომლების 60% იქნება აცრილი საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე 30%-იან ფასდაკლებას მიიღებენ, ის კომპანიები კი რომელთა დასაქმებულების 80% იქნება სრულად ვაქცინირებული გამოფენებზე 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.
“ეს ჯამურად წლის განმავლობაში საკმაოდ დიდი ფინანსური შეღავათი იქნება კომპანიისთვის, რომელსაც უკვე რა თქმა უნდა შეუძლია, რომ ეს თანხები განკარგოს აცრილი თანამშრომლების მეტად სტიმულირებისთვის და არა მხოლოდ”, – თქვა ქვრივიშვილმა.
ბოლოს კი ქვრივიშვილის თქმით, საქართველოში ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით ქვეყანა აქტიურად თანამშრომლობს ცნობილ ტურისტულ კომპანიებთან, ბლოგერებთან და ჟურნალისტებთან, რომელთა ტურების ორგანიზებასაც თავად მთავრობა ახდენს. ქვრივიშვილის განცხადებით ყველა ასეთი ტურის დროს ტურიზმის ადმინისტრაცია აარჩევს ყველა ისეთ სასტუმროს, კვების ობიექტსა და სხვა სერვისის მიმწოდებლებს, რომელთა თანამშრომლების მინიმუმ 60% იქნება აცრილი.