დღეს პირველი სექტემბერია, შემოდგომის პირველი თვის პირველი დღე. ჩვენი დროების სამ თაობას _ მშობლებს, შვილებს და შვილიშვილებს სხვადასხვანაირად ახსოვთ და ეხსომებათ, როგორც სწავლის დაწყების ჯერ უცვლელი და შემდეგ მივიწყებული თარიღი.
ოზურგეთის ცნობილ ჭადრების ბაღში, დილაადრიან ყველაზე ძალიან იგრძნობა შემოდგომის პირველი სახასიათო ნაბიჯი. იქვე კი ცნობილი კოლორიტი მეეზოვე, ნატაშა მიხაილოვა ტრიალებს.
_ რას შემომიჩნდით, აქეთ შენ შენი ფოტოაპარატით, იქით ეს ჩემი მეგობრები (მიუსაფარ ძაღლებზე გვანიშნებს). შევაგროვებ ფოთლებს და მანდამაინც შიგ ნებივრობა უნდებათ. აგერ, მინდორზე იგორაონ. მაგრამ ასე რომ ესმოდეთ…ადამიანს ვერ შეასმენ ამათ კი არა…_ წაიბუზღონა, მუდამ პოზიტიური საუბრით ცნობილმა მეეზოვემ და საქმესთან ერთად, საუბარი გააგრძელა, _ აქ, დრო იყო, პირველ სექტემბერს, ბავშვებს ვერ დათვლიდი, ახლა ამ ცარიელ ფოთლებს დათვლის ვინმე?
არ ტყუის ოზურგეთელი კოლორიტი _ აქ ამრავი წლის მანძილზე საპირველსექტემბრო უსაზღვრო ჟრიამული ცამდე აღწევდა, ახლა უტყვ სივრცეს ჭადრების ფოთოლთა გუნდი აცვივა მოგონებებივით.