“ევროპარლამენტარი არ არის ჩვენი უფროსი, ჩვენი უფროსია ქართველი ხალხი”- ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტარების კრიტიკას.
ღარიბაშვილმა ევროპარლამენტარები ზედაპირული განცხადებების გაკეთებაშიც დაადანაშაულა.
“თუ მათ აინტერესებთ, რეალურად საქმის ვითარებაში და არსში გარკვევა, მათ უნდა გაარკვიონ და არა ზედაპირული განცხადებები აკეთონ. ქართველ ხალხს ვეუბნები სრული პასუხიმგებლობით, არ მაინტერესებს ვინ რა თქვა, ჩვენს ხალხს ვეუბნები, რომ ეს იყო სესხი და ჩვენ სესხის აღებაზე დამატებით აღებაზე ვთქვით უარი”.- ამბობს ღარიბაშვილი.
ქართული ოცნების გადაწყვეტილებას, უარი თქვას ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზე ევროპარლამენტარები გამოეხმაურნენ. ანდრიუს კუბილიუსმა თქვა, რომ ქართულ ოცნებას ესმის, რომ “თანხას, რომელსაც ევროკავშირი სთავაზობს ძალიან ნათლად გაწერილი პირობები მოჰყვება” და მთავრობა ამის შესასრულებლდ მზად არ არის.
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი კი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა დაემშვიდობა რეფორმის დღის წესრიგს. მისი თქმით, სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობამ არ შეასრულა პირობები, რომლებიც გათვალისწინებული იყო მეორე ტრანშის (75 მილიონი ევრო) მისაღებად ურთიერთგაგების მემორანდუმში: სასამართლო რეფორმა და ა.შ. კრამონი აღნიშნავს, რომ “შეუძლებელია, უარი თქვა იმაზე, რაც არ გეკუთვნოდა”.