„ორშაბათიდან, ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია დაიწყება“, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ლატარიის კომპანია, ყოველდღიურად, გაათამაშებს ფულად ჯილდოებს ვაქცინირებული პირებისთვის.
„ჯამური საპრიზო ფონდი 2 800 ათას ლარს შეადგენს. ლატარია, ყოველდღიურ რეჟიმში, წლის ბოლომდე გათამაშდება. იქნება ყოველკვირეული შემაჯამებელი გათამაშებაც. იქნება სხვადასხვა საპრიზო ფონდი. ყოველდღიურად, 100-დან 500 ლარამდე გათამაშდება, ყოველკვირეულად – 1 000, 1 500, 5 000 და 10 000 ლარის ოდენობის ჯილდო. წლის ბოლოს, იქნება შემაჯამებელი გათამაშება, რომლის საპრიზო ფონდიც 100 000 ლარი იქნება“, – აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.
მისი თქმით, ლოტოტრონის პრინციპით, მხოლოდ საბოლოო გათამაშება გაიმართება, სხვა ტექნიკურ დეტალებზე კი, ლატარიის კომპანია გააკეთებს დეტალურ განცხადებას.
ამასთან, საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, 13 სექტემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება, ყველა სხვა შეზღუდვა კი ამ ეტაპზე ძალაში რჩება.