იქ, სადაც არიან აცრილი, ადამიანები აღარ კვდებიან, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
„მილიონ მოსახლეზე თუ გადავიანგარიშებთ, დღეს საქართველოზე მეტია ავადობა ისრაელსა და აშშ-ის ზოგიერთ შტატში, ბრიტანეთში კი, საქართველოს მსგავსი, მაგრამ განსხვავება ის არის, რომ ამ ქვეყნებში უკვე ბევრი ხალხია აცრილი და შესაბამისად, სიკვდილი აღარ არის. სიკვდილი აღარ არის და აი, ეს არის მთავარი და განმსაზღვრელი. იქ, სადაც არიან აცრილი, ადამიანები აღარ კვდებიან“, – განაცხადა იმნაძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, გადალახა თუ არა საქართველომ ეპიდემიის მეოთხე ტალღა, პაატა იმნაძემ აღნიშნა, რომ ეპიდსიტუაცია ჯერ კიდევ საკმაოდ რთულია.
„მართალია, შემთხვევების რაოდენობა პრაქტიკულად, განახევრდა და უფრო ნაკლებიც არის, მაგრამ სამწუხარო რეალობაა, რომ პიკური მაჩვენებლებიდან ასევე ორი-სამი კვირა გრძელდება სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლები“, – განაცხადა იმნაძემ.
იმნაძის თქმით, შემთხვევების რაოდენობის კლება არის, თუმცა ტემპი ნელია და რეგულაციების მოხსნამ შესაძლოა, კლების ტენდენცია კიდევ შეანელოს.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რამდენად ეფექტიანია არსებული ვაქცინები მუტირებული შტამების მიმართ, იმნაძემ განაცხადა, რომ როგორც აღმოჩნდა, „დელტა“ ვარიანტისადმი, არსებული ვაქცინები ადამიანს საკმაოდ კარგად იცავენ დამძიმებისგან და სიკვდილისგან.
შეკითხვაზე, უნდა ჰქონდეს თუ არა საზოგადოებას იმის მოლოდინი, რომ ბავშვები 4 ოქტომბრიდან საკლასო ოთახებში ისწავლიან, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ სკოლებში ბავშვების მაღალი მობილობის პირობებში აუცილებელია, პედაგოგებისა და მშობლების დიდმა რაოდენობამ აიცრას.
„პედაგოგთა და მშობელთა უმრავლესობა თუ აიცრება, რა თქმა უნდა, ბავშვების სკოლაში სწავლა აბსოლუტურად უსაფრთხო იქნება“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
წყარო: 1tv.ge