ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთში მერიის წარმომადგენელი ბადრი თავდუმაძე აცხადებს, რომ ქალაქის მოქმედი მერი და „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე საჯარო მოხელეებისგან მის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვას ითხოვს.
„მეგობრებო, ჩემო ძვირფასო სოფელ ოზურგეთელებო, ვინაიდან მოქმედი მერის, კონსტანტინე შარაშენიძის მხრიდან სხვადასხვა ფორმით იყო არაერთი მოთხოვნა, რომ ჩვენ მას დავხმარებოდით წინასაარჩევნო კამპანიაში, მინდა ღიად დავაფიქსირო ჩემი პოზიცია – არ ვაპირებ ამის გაკეთებას და მსგავსი რამ ჩემთვის, როგორც საჯარო მოხელისთვის მიუღებელია! დარწმუნებული ვარ, სხვა სოფლების რწმუნებულებიც ანალოგიურად მოიქცევიან. მითუმეტეს, როცა საარჩევნო კამპანიის ამ ეტაპზე, ჩემთვის და ყველა ადამიანისთვის უკვე აშკარაა, რომ ოზურგეთის მოქმედი მერი ალიანსში შევიდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ – ძალასთან, რომლის წინააღმდეგაც თქვენთან ერთად ვიბრძოდი წლების განმავლობაში – მის გვერდით დგომა ადამიანურადაც მიუღებელია“, – წერს ბადრი თავდუმაძე. (R)