მეორედან არა, სახურავიდან გადმოაგდეს. დაამძიმეთ, დაამძიმეთ, უფრო საინტერესოა, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას იმის შესახებ, თუ რა კომენტარს გააკეთებს გუშინ ქარელში მომხდარი ინციდენტის შესახებ, რომლის დროსაც „მთავარი არხის“ ოპერატორი დაშავდა.
კახა კალაძის თქმით, „მთავარი არხის“ ოპერატორი მეორე სართულიდან შემთხვევით გადმოვარდა.
„არასერიოზულად იქცევით, ბიჭი უკან-უკან მიდიოდა, იღებდა და ეს დაემართა. ჩემი თანდასწრებითაც ძალიან ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ოპერატორები იღებენ, უკან-უკან მიდიან. მაჩვენეთ კადრი, სადაც ჩანს, რომ გადააგდეს. როდესაც გეუბნებიან, გადით, არ გაძლევთ ინტერვიუს, უნდა მიხვდეთ და გახვიდეთ. უნდა დაიცვათ ადამიანის უფლებები. თქვენ ძალადობთ და ხართ მოძალადეები.
მე თუ გეტყვით, რომ არ მაქვს სურვილი, რომ მოგცეთ ინტერვიუ, კეთილი უნდა ინებოთ და გაჩერდეთ. რატომ უნდა იძალადოთ ჩემზე? ძალადობას ამართლებთ თქვენ მთელი ეს წლებია. თქვენ ხართ პირველები, ვინც ქვეყანაში აღვივებს შუღლს, ძალადობას. თუ რაიმე ცუდი არსებობს ამ ქვეყანაზე, ყველაფრის ფუძე და საძირკველი ხართ თქვენ“, – აღნიშნა კალაძემ.
როგორც კალაძემ განაცხადა, ოპოზიციური ძალები ამ ინციდენტს წინასაარჩევნოდ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენებენ, რადგან „ამ ადამიანებს არ აწყობთ მშვიდი საარჩევნო გარემო“.
ცნობისთვის, ქარელში “ქართული ოცნების” შტაბში “მთავარი არხის” ოპერატორი, ლევან აბლოთია დაშავდა. “მთავარი არხის” დირექტორის ნიკა გვარამიას ინფორმაციით, ოპერატორი აივნიდან გადმოაგდეს. “ქართულ ოცნებაში” აღნიშნულს სიცრუეს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ოპერატორი “კიბის ბაქანზე მოაჯირს წამოედო და გადავარდა”.