ოზურგეთის ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგი ელზა სიმონიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.
სიმონიშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
ინფორმაცია განსჯისათვის
(პანდემიის ჟამს)
…ამ რამდენიმე წლის წინათ, ჩემს ეპიდემიოლოგიურ პრაქტიკაში შეხება მქონდა ამ ჩამონათვალიდან ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ და ხშირი, მძიმე გართულებებით, ზოგჯერ ლეტალურითაც, მიმდინარე ინფექციასთან _ წითელასთან, რომლის 63(!) შემთხვევის ეპიდემიოლოგიური კვლევის განხორციელება მომიხდა.
აღსანიშნავი იყო ის ფაქტი, რომ ძირითადად ბავშვთა ასაკისათვის დამახასიათებელი ინფექცია, ამ შემთხვევაში უმეტესად 20-30 წელს გადაცილებულ ადამიანებში დაფიქსირდა და საკმაოდ მძიმე კლინიკური მიმდინარეობით გამოირჩეოდა.
წითელასათვის ასეთ არატიპიურ ასაკში ინფიცირების მიზეზი გახლდათ, ავადსახსენებელ 90-იან წლებში არასრულყოფილად მიმდინარე გეგმიური ვაქცინაციის პროცესი, რისი გამოძახილიც საკუთარ ჯანმრთელობაზე იწვნია ამ წლებში დაბადებულმა თაობამ.
ეს ახალგაზრდები ძალიან ადვილად დაინფიცირდნენ წითელას გამომწვევი ვირუსით, ვაქცინაციით ჩამოყალიბებული იმუნიტეტის არქონის გამო.
მაშინ, ოზურგეთში წითელას შემთხვევების ეპიდემიოლოგიური კვლევისას, როცა შევისწავლე ყველა დაფიქსირებული შემთხვევის იმუნიზაციის ისტორია, აღმოჩნდა, რომ დაავადების ლაბორატორიულად დადასტურებულ ყველა შემთხვევაში, აცრის სტატუსი იყო შემდეგი: ,,აუცრელი”, ან ,,უცნობი”.
ანუ, ვირუსთან კონტაქტისას დაინფიცირდა და დაავადდა აუცრელი და აცრის ,,უცნობი” სტატუსის (სავარაუდოდ აუცრელი) მქონე პირები.
ეს ისტორია დღევანდელ რეალობასთან ანალოგიის გასავლებად გავიხსენე,
დასკვნები თავად გამოიტანეთ…
მხოლოდ ერთს აღვნიშნავ:
-მაშინ, როცა უკვე გვაქვს 8498 შეწყვეტილი სიცოცხლე;
-ბოლო კვირის დადებითობის მაჩვენებელი-7,02%-ია;
-სტაციონარებში სიცოცხლისათვის იბრძვის 5492 ადამიანი;
-როცა კოვიდ რეგულაციები მხოლოდ ნაწილობრივ სრულდება(მაგალითისათვის: პირბადის ტარების პროცენტობა 50%-ც კი ვერ ავიყვანეთ);
-როცა ჯერჯერობით არა გვაქვს ანტივირუსული სპეციფიკური სამკურნალო საშუალება, ვირუსი კი ახალ-ახალი შტამებით გვიტევს;
გაიხსენეთ, რომ ვაქცინაცია, როგორც კაცობრიობის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი, შესულია ყველა დროს უდიდეს სამედიცინო მიღწევათა ათეულში!
და იმ მოსაზრების გამო, რომ შესაძლოა ვაქცინირებამ რეზისტენტული შტამები აღმოაცენოს, რომ ბუნებრივმა იმუნიტეტმა აჯობოს შეძენილს, არც ერთ ქვეყანას ვაქცინაციის პროცესი არ შეუჩერებია…
და კიდევ:
ერთ-ერთი კოლეგისა არ იყოს, ბუნებრივი იმუნიტეტი უკეთესია, ოღონდ ,,თუ გადავრჩით–კი!!!”
აიცერით და შეაჩერეთ სიკვდილთან თამაში! _ წერს ელზა წიმონიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.