ოზურგეთში, თხილის სეზონის გახსნის შემდეგ, ყველაზე სტაბილური საწყისი ფასი სამი ლარიდან იწყება. სამი ლარი და 30 თეთრიდან ოთხ ლარამდე მერყევ ფასში , „თეთრების“ კონკურენციაა. ზოგჯერ 30, ხანდახან 50 ან 80 თეთრი ემატება სამ ლარს და მიდის ასე წლევადელი სეზონის მოსავალი, როგორც გურულები ამბობენ: „ნიორთანაქურჩალად მიაქვთ, ჩვენს გაოცებას ცდილობენ“.
რა ხდება ახლა, სექტემბრის ბოლოს, როცა თხილის სეზონი დასასრულს უახლოვდება? რას გვპასუხობენ კითხვაზე, რა არის უმაღლესი ფასი?
_დღეს, ბატონო, საკმაოდ „შენჯღრეული“ ფასები გვაქვს. აი, ვინც მოიტანს კარგად გამომშრალ, საღ „ბერძნულას“, კილოგრამში ექვს ლარს გადავუხდით, გაუტეხავად. თუ გავტეხავთ და ათიდან ათივე საღი იქნება, მივცემთ რვა ლარს, – გვითხრეს ნინო რამიშვილის ქუჩაზე, „სასტუმრო „გურიას“ შიდა ეზოს ტერიტორიაზე მიმღებ პუნქტში. აქვე თქვეს, რომ დანარჩენი სახეობის თხილი, ფერის და ხარისხის მიხედვით, სხვადასხვა ფასი ღირს. იწყება 3, 30 ლარიდან და ოთხ ლარამდე ადის.
_სად იძლევიან კილოგრამში 6 ან 8 ლარს. ცრუობენ. ადამიანს რომ დაპირდები, უნდა მისცე. მიუტანენ და მერე იწყებენ „კილაოზნიკობას“, ეს უნდა გავტეხო, ის არაო და ამიტომ არის ყველაზე ნაკლები კლიენტი მაგ უბანზე, – ცხარობენ სხვა ადგილებზე განლაგებულ პუნქტებში მომუშავე ოპერატორები.
თხილის გატეხვით ჩაბარებაც ასევე „შენჯღრეული“ მეთოდითაა ცნობილი_ ზოგი ტომარას შეარხევს და მხოლოდ ჩახედვით კმაყოფილდება. ოღონდ გაუტეხავში მხოლოდ 3,30 ლარს იხდიან.
ადგილობრივები ყველაზე ძალიან ხშირი წვიმების გამო სწუხან.
ე.წ. „ველური ჯიშის“ თხილი, რომელსაც კარგი წონა და ხარისხიანი ნაყოფი აქვს, ახლა იკრიფება. ფაროსანა ან სხვა სახის მავნებელი თუ დაავადება ამ სახეობას ნაკლებად აზიანებს. კრეფას და შეგროვებას კი წვიმიანი დღეები ხელს უშლის.
_ბუნებაც გვართმევს, თორემ მაგ მღლეტელებს, დიდი ხანია, ვიცნობთო,_ მწარედ ხუმრობენ გურულები.
[sexy_author_bio]