საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცესის მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამ ფონზე, განსაკუთრებით საყურადღებოა ნებისმიერი ფაქტი, რომელიც, შესაძლოა, წინასწარ დაგეგმილი ან სპონტანურად მოფიქრებული პროვოკაცია იყოს. ამიტომ, აუცილებელია, პოლიტიკურმა სუბიექტებმა, ნებისმიერმა ამომრჩეველმა დაფიქსირებული დარღვევის შესახებ მედიას აცნობოს და საჯარო გახადოს დარღვევების ფაქტები.
“გურია ნიუსისთვის” ცნობილი ხდება, რომ ჩოხატაურში, “ქართული ოცნების” შტაბის ერთ-ერთი ხელმძღვანელის მეუღლეს, რომელიც ექიმია და საარჩევნო პროცესში საერთოდ არაა ჩართული, მობილურ ტელეფონში მესიჯი მოუვიდა ვინმე ბესოსგან, რომ მან “დაპირებისამებრ, 20 ხმა შეუგროვა”. მოქალაქემ ფაქტის შესახებ გვაცნობა და გვთხოვა, გაგვერკვია, ეს გამიზნული პროვოკაციაა თუ გამომგზავნს ადრესატი შეეშალა.
_ ნებისმიერ შემთხვევაში, ეს კანონდარღვევაა და არ მინდა ამ პროცესში აღმოვჩნდე ჩათრეული, _ ამბობს მოქალაქე.
როგორც “გურია ნიუსმა” გაარკვია, “პატაკის” ადრესატი ერთ-ერთი პარტიის სიის პირველი ნომერია და მესიჯი შეცდომით მის ნაცვლად, სხვასთან გაიგზავნა.
“ქართული ოცნების” შტაბში არ გამორიცხავენ, რომ მსგავსი ქმედებები დაინტერესებული პოლიტიკური სუბიექტების მიერ, საარჩევნო პროცესის და მმართველი პარტიის დისკრედიტაციისთვის გამიზნული პროვოკაცია იყოს და ამომრჩეველს მოუწოდებენ, ხმა საკუთარი შეხედულებისამებრ, შინაგანი რწმენით მისცენ და არა ვინმეს ზემოქმედებით.
“გურია ნიუსი” დეტალებს აზუსტებს და უფრო კონკრეტული დეტალებით ფაქტს ისევ მივუბრუნდებით.
შეგახსენებთ, რომ ამომრჩეველზე ზემოქმედება ნებისმიერი ძალადობრივი მეთოდით, საქართველოს კანონმდებლობით, დასჯადია.