“სააკაშვილმა ადამიანებს რუსთაველის გამზირზე გამოსვლისკენ მოუწოდა, ხალხმა ეს არ გააკეთა, ჩემთვის ეს იყო სიგნალი, რომ მან დაკარგა პოლიტიკური ძალაუფლება”, – განაცხადა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ ონლაინდისკუსიაზე ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა.
მან შეაფასა საქართველოში ჩატარებული არჩევნებიც:
„უპირველეს ყოვლისა, აღვნიშნავ, რომ ამომრჩეველთა აქტივობა იყო უფრო მაღალი, ვიდრე წინა ადგილობრივი არჩევნების დროს, რაც ნიშნავს, რომ „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული მდგომარეობა აღქმულია სერიოზულად. თუმცა იყო შექმნილი ისეთი გარემოებები, რომლებმაც ადამიანებს მისცა საშუალება, საარჩევნო უბნებზე მისულიყვნენ. საარჩევნო უბანზე ყველას ეკეთა პირბადე, თუმცა ზოგიერთ უბანში იყო ჭარბი რაოდენობის ხალხი. ზოგადი შთაბეჭდილება ხმის მიცემის დღესთან დაკავშირებით იყო საკმაოდ პოზიტიური.
რაც შეეხება სააკაშვილს, მინდა, მკაფიოდ აღვნიშნო, როდესაც სააკაშვილი დაბრუნდა საქართველოში, მან დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა, რაც ნიშნავს, რომ პასუხისმგებელია ქვეყანაში არალეგალურად შემოსვლაზე. ჰქონდა თუ არა მის ჩამოსვლას გავლენა არჩევნებზე – სავარაუდოდ, კი.
რაც შეეხება იმას, თუ რომელი პარტიისთვის, ეს კითხვა ალბათ უფრო ამ დისკუსიის მონაწილე კორნელი კაკაჩიასა და ნინო დოლიძის მისამართითაა, რომლებიც სიტუაციას უკეთ იცნობენ. ის, რაც მე დავინახე, სააკაშვილმა მოუწოდა ასობით ათას ადამიანს რუსთაველის გამზირზე გამოსვლისკენ და ნების გამოხატვისკენ, ხალხმა ეს არ გააკეთა. ჩემთვის ეს იყო სიგნალი, რომ სააკაშვილმა დაკარგა ის პოლიტიკური ძალაუფლება, რომელიც მას ქვეყანაში მანამდე ჰქონდა და იმ მომენტისთვის, მას არ შეეძლო ესაუბრა ხალხთან იმგვარად, როგორც მანამდე. ახლა დიდი კითხვაა „ერთიან ნაციონალური მოძრაობასთან“ – რა არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მომავალი? იქნება ის სააკაშვილთან ერთად, სააკაშვილის გვერდით თუ მის გარეშე. ჩემთვის ასევე საინტერესო იქნება, რა მოხდება ამ მიმართულებით“, _ თქვა მარინა კალიურანდმა.