დღეს, 26 მაისის ქუჩაზე, ბათუმში სადარბაზოს ჩამონგრევის შესახებ შსს ავრცელებს ინფორმაციას, რომ მეხანძრე-მაშველებთან ერთად ადგილზე უკვე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, მათ შორის ავტოკიბე.
მათივე ინფორმაციით დამატებით ასევე მობილიზებული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლები. მიმდინარეობს ასევე აჭარის მეზობელი რეგიონებიდან დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზება.
შსს-ს ინფორმაციით ადგილზე მისვლისთანავე, მეხანძრე-მაშველებმა ჩამონგრეული სადარბაზოს მეზობელი ბინებიდან, ასევე, ნანგრევებში მოყოლილი ავტომობილებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს.
სადარბაზოს ადგილას ამ დროისთვის მხოლოდ ნანგრევებია. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური. მოსახლეობა მაშველებს ეხმარება ჩამონგრეული ადგილის გაწმენდაში.
სასწრაფო დახმარების სამსახურმა რამდენიმე ადამიანი გადაიყვანა. ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ.