შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის ადგილზე სამძებრო და სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ამის შესახებ ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, გვიან ღამით მაშველებმა ნანგრევებიდან 4 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს.
„რამდენიმესაათიანი ინტენსიური საძიებო-სამაშველო ოპერაციის შედეგად, მეხანძრე-მაშველებმა ნანგრევებიდან 2 დაშავებული ამოიყვანეს, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილი და შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.
ბათუმში მიმდინარე სამაშველო და სამძებრო ღონისძიებების ადგილზე რჩებიან შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, მინისტრის მოადგილე – იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი – თემურ მღებრიშვილი, რომლებიც პირადად ხელმძღვანელობენ სამაშველო ოპერაციას.
შემთხვევის ადგილზე, ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა და საძიებო-სამაშველო ღონისძიებები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება“, – ნათქვამია განცხადებაში.