11 ოქტომბრის გლოვის დღედ გამოცხადებასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობამ განკარგულება გამოსცა.
განკარგულების თანახმად, რომელსაც ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს, 8 ოქტომბერს, ბათუმში , 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 11 ოქტომბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
მთავრობის განკარგულებით, 11 ოქტომბრის 00:00 საათიდან, 12 ოქტომბრის 00:00 საათამდე, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.
8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სადაც საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები გრძელდება. სადარბაზო 8 ოქტომბერს, დაახლოებით, 12:00 საათზე ჩამოინგრა. საძიებო-სამაშველო ოპერაციაში ასობით მაშველია ჩართული.
სამაშველო ოპერაციის შედეგად მაშველებმა ნანგრევებიდან 9 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 8 გარდაცვლილია. ერთი ადამიანი მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებაში აგრძელებს – კაცის მდგომარეობა რთულია, თუმცა – სტაბილური და სასიცოცხლო პარამეტრები რეგულირებადია.
საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 3 ადამიანი დააკავეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.