სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.
„დიდია მწუხარება, რომელიც ახლახანს ბათუმში მომხდარ ტრაგედიას მოჰყვა.
გულითადად ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, დაზარალებულთ, ვუსამძიმრებთ მთელ საქართველოს. დღეს ყველა ამ ტკივილის თანაზიარია და შეძრულია მომხდარით.
ვლოცულობთ გარდაცვლილთათვის. მათი სულების საოხად არაერთი პანაშვიდი იქნა გადახდილი. კვირას, წირვის შემდეგაც, აღევლინება ლოცვა, მათ შორის, სამების საკათედრო ტაძარში.
შევთხოვ ღმერთს, მოგვცეს გამძლეობა, მოგვანიჭოს თვისი წყალობა და მშვიდობით აკურთხოს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი“, – ნათქვამია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილში.
ზღვისპირა ქალაქში სადარბაზო 8 ოქტომბერს, დაახლოებით, 12:00 საათზე ჩამოინგრა. სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა ნანგრევებიდან 10 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 8 უკვე გარდაცვლილი იყო, ერთი ადამიანი გუშინ დილით, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 3 ადამიანი დააკავეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ორშაბათი, 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდება.