დაბა ბახმაროში დასასვენებელი პარკის მშენებლობამ საზოგადოების დიდი ნაწილის აღშფოთება გამოიწვია.
ბახმაროში დამსვენებლების ერთი ნაწილი სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ მათვის მიუღებელია ბეტონით აშენებული პარკი და პირველ რიგში, წყლის და კანალიზაციის პრობლემების მოგვარებას სთხოვენ ხელისუფლებას.
საქართველოს პარლამენტის წევრი და “ბახმარო და გომისმთის განვითარების ხელშემწყობი სამოქალაქო პასუხისმგებლობის ასოციაციის“ დამფუძნებელი არმაზ ახვლედიანი: “გურია ნიუსთან“ სატელეფონო საუბრის დროს ამბობს, ის, რაც ბახმაროში ხდება, არის ყველანაირად დაუშვებელი.
„უმთავრესი პრობლემაა, რომ ბახმაროს, გომისთის საკითხები წყდება გაუმჭირვალედ. არც ექსპერტების და არც დაინტერესებული საზოგადოების ჩართულობა არ არის გათვალისწინებული.
ბახმაროში ამ ყბადაღებული პარკის საკითხი სწორედ ზემოთ აღნიშნული თემის გაგრძელებაა. არავინ, არაფერი ვიცოდით, რა შენდებოდა, რა კეთდებოდა და შედეგად მივიღეთ სამარცხვინო რამ _ ბახმარო, რომელიც სიმწვანით გამოირჩევა და ასეთად უნდა შევინარჩუნოთ პარკის ნაწილში ჩაბეტონდა. ეს, რა თქმა უნდა, არის წარმოუდგენელი გულგრილობა და მე ვიტყოდი, დანაშაულიც. სახელმწიფოს ფული, ჩვენი გადასახადები ხმარდება ზუსტად ასეთ გაუგებარ პროექტებს.
ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ბახმაროში არის კატასტროფული პრობლემა წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემის, ანუ ეს ნამდვილად არსებითი საკითხებია და ამ საკითხების მოგვარებას, ვინ ან რა აპირებს, არავინ ვიცით.
დავამატებდი კიდევ, რომ ბახმარო და გომისმთა წალეკა უკანონო მშენებლობებმა და სახელმწიფოს მიწის მიტაცების აღვირახსნილმა ათასობით ფაქტმა. ამაზე არა თუ არ რეაგირებს ხელისუფლება, არამედ ხელისუფლება თავად არის, ფაქტობრივად, მისი მნიშვნელოვანი წარმომადგენლებით ჩართული კორუფციულ გარიგებებში. ასე სწრაფი ტემპით ვანადგურებთ, ვაჩანაგებთ თვალწარმტაც კურორტებს. პარკის მოწყობა ნამდვილად კარგია და უნდა იყოს ადამიანებისთვის დასვენების საუკეთესო სივრცე – ჩაბეტონებული, ვფიქრობ, რომ არის სახე დამოკიდებულებისა სახელმწიფოს საზოგადოების მიმართ. პირდაპირ ვიტყვი: ბახმაროსთვის ჩაბეტონებული პარკი სრულად შეუსაბამოა”.
არმაზ ახვლედიანი ასევე აღნიშნავს, რომ ბახმაროში დაწყებული პროექტის დაწყებამდე აუცილებელი იყო საზოგადოებისთვის დეტალურად ინფორმაციის მიწოდება.
“საზოგადოების ჩართულობა ძალზე მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტების განხორციელების დროს. მათი ჩართულობა ნიშნავს მეტ გამჭვირვალობას, გამჭირვალობა ნიშნავს კორუფციის აღმოფხვრას და ხელისუფლება ანგარიშვალდებული ხდება. ეს კი ვის აწყობს?! შესაბამისად, არ არის არანაირი გამჭირვალობა და როგორც იტყვიან, როგორ სურთ, ისე ჭრიან და კერავენ. ეს არის დანაშაული და კონკრეტული თანამდებობის პირები უნდა მიეცენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში“, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრის დასასრულს არმაზ ახვლედიანმა.
პ.ს. ბახმაროში პარკის მშენებლობასთან დაკავშირებით “გურია ნიუსმა“ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს წერილობით მიმართა და მათ პასუხებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
[sexy_author_bio]