“ათასმა პატიმარმა უცბად რომ გამოაცხადოს შიმშილობა, ბუნებრივია, სამოქალაქო საავადმყოფოში ყველას ვერ გადაიყვან”, _ თქვა “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში გადაყვანასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, სააკაშვილის მიმართ მოპყრობა ადამიანის უფლებების შესაბამისად გაგრძელდება:
“როდესაც პატიმარს ეხება საქმე, მისი უფლებები დაცული უნდა იყოს. ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული იმ საერთო სტანდარტის შესაბამისად, რომელიც ვრცელდება ნებისმიერ პატიმარზე.
ათასმა პატიმარმა უცბად რომ გამოაცხადოს შიმშილობა, ბუნებრივია, სამოქალაქო საავადმყოფოში ყველას ვერ გადაიყვან. ციხის საავადმყოფოში სათანადო პირობებია იმისათვის, რომ პატიმარმა გაიაროს ყველა პროცედურა. აქედან გამომდინარე, ადამიანების უფლებების სტანდარტების შესაბამისად იქნება ის მოპყრობა, რასაც მიჩვეულები არიან ჩვენი პატიმრები 2012 წლის შემდეგ”, _ თქვა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძემ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე ისაუბრა _ ღარიბაშვილის თქმით, სააკაშვილს კერძო კლინიკაში გადაყვანა იმიტომ უნდა, რომ ფიქრობს,”30 ოქტომბერს გარკვეული მხარდამჭერების მობილიზება მოხდებოდა და საავადმყოფოდან გაიყვანდნენ”:
“რომელი ნესტან-დარეჯანი სააკაშვილია, რომ ვიღაცამ ციხიდან გამოიხსნას?!” _ თქვა კობახიძემ.