მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მისი სიცოცხლე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას დღესდღეობით, – ამის შესახებ უკრაინის სახალხო დამცველმა ლუდმილა დენისოვამ ციხეში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მიმართ დარღვეულია საპროცედურო უფლებები, რომელთაგან ერთ-ერთი სისხლის სამართლის საქმის სამართლიან საჯარო სასამართლო განხილვას გულისხმობს, მეორე კი საქმის განხილვის გონივრულ ვადებს.
„სააკაშვილი საკუთარ თავს პუტინის ტყვედ მიიჩნევს და ამბობს, რომ მას ყველაზე მეტად არ სურს უკრაინისთვის რამე ცუდის გაკეთება და არ სურს საქართველოში სისხლისღვრის დაშვება, ამიტომ გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს.
რაც შეეხება მისი საპროცედურო უფლებების დარღვევას, ჩვენ მასთან განვიხილეთ ის სისხლის სამართლის საქმეები, რომლებიც მას აქვს. თქვენ იცით, რომ არის ორი სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც განაჩენი გამოტანილია და ძალაში შესულია და ახლა სწორედ ამ სისხლის სამართლის საქმეებზე იხდის სასჯელს. არის, ასევე, ორი სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც სასამართლო განხილვა არ დასრულებულა და ის ცდილობს, რომ ამ საქმეებზე საჯარო განხილვები იყოს სასამართლოში და ასევე, ამაზე საუბრობენ ადვოკატებიც, მაგრამ სამწუხაროდ, სასამართლოს მიერ იგნორირებულია ადვოკატების მოთხოვნა და არ მიიღება გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი მიიყვანონ სასამართლოში და მან შეძლოს საკუთარი თავის დაცვა.
ამგვარად, დარღვეულია სამართლიანი საჯარო განხილვის უფლება, ეს ადამიანის უფლებების დაცვის კონვენციის მეექვსე მუხლია. რაც შეეხება გონივრული ვადების უფლების დარღვევას, 8 წელიც არ არის ის გონივრული ვადა, რომლის განმავლობაშიც უნდა განიხილებოდეს მისი სისხლის სამართლის საქმეები,“- განაცხადა უკრაინის ომბუდსმენმა.