“საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველომ“ “გურია ნიუსის“ ჟურნალისტის გამოძევების ფაქტზე სენაკის საარჩევნო საოლქო კომისიაში საჩივარი შეიტანა.
როგორც უკვე ვწერდით, სენაკის #1 საარჩევნო უბნიდან „გურია ნიუსის“ ჟურნალისტი ჯემალ ღამბაშიძე გამოაძევეს. მას კომისიის თავმჯდომარე ჯერ პროვოკაციის მოწყობას სდებდა ბრალად, შემდეგ კი “ჩვენება“ შეცვალა და ცესკოს განუმარტა, თითქოს, ღამბაშიძე არასათანადო ადგილიდან იღებდა ვიდეოკადრებს.
ცესკოს სპიკერმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, თუ რატომ გამოაძევეს ჟურნალისტი უბნიდან, ბრიფინგზე განაცხადა, რომ ღამბაშიძე ვიდეოკადრებს სხვადასხვა ადგილიდან იღებდა, ეს ინფორმაცია უბნის კომისიის თავმჯდომარისგან მიიღო და ჟურნალისტებს კანონის დაცვისკენ მოგვიწოდა. არადა, საქმის არსის გაცნობის გარეშე ბრიფინგზე შეფასების გაკეთება ცესკოს მხრიდან რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია.
ჟურნალისტს, გამოძევებისას, ოქმი არ გააცნეს, წევრებს კი ხელი მოგვიანებით, ჩვენ მიერ ოქმის მოთხოვნის შემდეგ მოაწერინეს, პროვოკაციის მოწყობის ბრალდება ფოტო-ვიდეოგადაღების წესის დარღვევით “შეუცვალეს“, რადგან “პროვოკაციული ბრალდება“ მეტ დასაბუთებას მოითხოვს.
კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” კოორდინატორის, ნათია კაპანაძის თქმით, კომისიის თავმჯდომარის მითითება, დატოვოს ჟურნალისტმა საარჩევნო უბანი, არაკანონიერია.
“კომისიის თავმჯდომარის მითითება, დატოვოს ჟურნალისტმა საარჩევნო უბანი, არაკანონიერია. ფოტო–ვიდეო გადაღების წესები რეგულირდება ცესკოს #42/2012 დადგენილებით. სწორედ ამ სამართლებრივი დოკუმენტით რეგულირდება საარჩევნო უბნიდან ჟურნალისტის გაძევების საკითხიც _ მეოთხე მუხლის თანახმად, ამ დადგენილებით განსაზღვრული ნორმების დარღვევის შემთხვევაში, საუბნო საარჩევნო კომისია, ხმათა უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი პირის კენჭისყრის შენობიდან გაძევების შესახებ, რის შესახებაც აღინიშნება კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში.“ – გვითხრა ნათია კაპანაძემ.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, სარჩელი საოლქო კომისიაში “საერთაშოროსო გამჭვირვალობა – საქართველომ“ წარადგინა.
[sexy_author_bio]