დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც , პანდემიის გამო ქვეყანაში დამატებითი შეზღუდვების დაწესება, მათ შორის დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის დროებითი აკრძალვა იგეგმება, ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე განცხადებით ეხმაურება.
ტიკარაძე გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს.
“საქართველოში კოვიდ-19 ის გავრცელების კუთხით ეპიდემიური სიტუაცია საყურადღებო რჩება. აღსანიშნავია, რომ ოქტომბრის დასაწყისიდან შემთხვევების მატებას მეტად ლოკალიზებული ხასიათი ჰქონდა და უპირატესად შეეხო იმ რეგიონებს, სადაც აცრილი მოსახლეობის რაოდენობა სხვებთან შედარებით მცირეა, მ.შ. კახეთი და იმერეთი. ამ ეტაპზე შემთხვევების საშუალო დღიური მაჩვენებელი 4000-ის ფარგლებშია და სწრაფი ზრდის ტენდენციები არ იკვეთება. ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას დადგენილი რეგულაციების დაცვისა და ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. დამატებითი შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა ამ ეტაპზე არ განიხილება. თუ ვინმე ავრცელებს, რომ დამატებითი შეზღუდვების დაწესება იგეგმება, ეს არის სიცრუე და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურება. როგორც ჩანს, ამას გარკვეული ჯგუფები მიზანმიმართულად აკეთებენ,”– ეკატერინე ტიკარაძე.