ყარაჯალაში გვიან ღამით თანასოფლელებს შორის დაპირისპირება მოხდა. მათ წინააღმდეგობა გაუწიეს შემთხვევის ადგილას მისულ სამართალდამცავებსაც და ჩხუბში მონაწილე ერთ-ერთმა მხარემ პოლიციელებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
მომხდარის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს:
“შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის, თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სოფელ ყარაჯალაში, პატრულირების დროს გზაზე შეკრებილ 15 მდე მოქალაქეს, რომლებსაც ერთმანეთთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება ჰქონდათ მართლწესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს.
სიტუაციის განეიტრალების მიზნით, პოლიციის თანამშრომლებმა ასევე გამოიძახეს პოლიციის დამატებითი მორიიგე ჯგუფები.
სამართალდამცველები მხარეებს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდებდნენ და სიტუაციის განმუხტვას ცდილობდნენ, თუმცა მხარეები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოწოდებებს და განაგრძეს ერთმანეთთან ფიზიკური დაპირისპირება.
ასევე, ჩხუბში მონაწილე ერთ-ერთი მხარე პოლიციის მიმართ გახდა აგრესიული. მათ სამართალდამცველებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
მომხდარი ინცინდენტის დროს დაშავებული მოქალაქეები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
ინციდენტის დროს სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს პოლიციის თანამშრომლებმაც.
დაპირისპირებაში მონაწილე როგორც მხარეების, ასევე იმ პირთა იდენთიფიცირების მიზნით, რომლებმაც წინააღმდეგობა გაუწიეს პოლიციის თანამშრომლებს, შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები გრძელდება.
თელავის რაიონულ სამმართველოში დაწყებული იქნა გამოძიება ყარაჯალარში მომხდარ მოქალქეებს შორის ძალადობის ფაქტზე საქ. სსკ- ის 126-ე მუხლით, ხოლო პოლიციის თანამშრომლებზე განხორციელებული თავდასხმის და დაუმორჩილებლობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით. საქმეს იძიებს კახეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტი”,_ ნათქვამია ინფორმაციაში.