“გვაქვს მოლოდინი, რომ კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება – აქტიური შემთხვევების რაოდენობაც დაახლოებით 50 ათასი ავადმყოფის ფარგლებშია, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია საქართველოს ზომის ქვეყნისთვის”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში დღეში 40-50 ადამიანი იღუპება, რაც ძალიან ცუდია, თუმცა, მისივე შეფასებით, სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში სიკვდილიანობა დაბალია.
„სამწუხაროდ, ეპიდსიტუაცია რჩება მძიმე და სერიოზული. გასულ ორ კვირაში იყო ერთგვარი სტაბილიზაცია – 4000 ახალი შემთხვევის ფარგლებში, დღეს უკვე 5000-ზე მეტი ახალი შემთხვევა იყო. გვაქვს მოლოდინი, რომ ახალი შემთხვევების რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. აქტიური შემთხვევების რაოდენობაც დაახლოებით 50 ათასი ავადმყოფის ფარგლებშია, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია საქართველოს ზომის ქვეყნისთვის. კლინიკური სექტორი უკვე გადატვირთულია. 6500 ჰოსპიტალიზებული ავადმყოფია, მაგრამ გვახსოვს, მეოთხე ტალღის პიკზეც ასე იყო და ჯერჯერობით ახლაც ასეა. კლინიკური სექტორი აჩვენებს ძალიან სერიოზულ მდგრადობას, რაც გამოიხატება იმაში, რომ ასეთი გადატვირთვის მიუხედავად, არცერთი ავადმყოფი ჯერჯერობით არ დარჩენილა ექიმის და სრულფასოვანი მომსახურების გარეშე. რაც შეეხება გარდაცვალების რიცხვს, რაც არის 40-დან 50-მდე – ეს ძალიან მაღალი რიცხვია ჩვენი ზომის პატარა ქვეყნისთვის და თითოეული გარდაცვლილი ადამიანი დიდი ტკივილი და დიდი დანაკარგია ოჯახისთვის და ქვეყნისთვის, მაგრამ თუ მივუდგებით გლობალურად, შევადარებთ სხვა ქვეყნებს, კლინიკური სექტორის ძირითადი მაჩვენებელი არის ერთადერთი – ყველა კოვიდავადმყოფიდან გარდაცვალების მაჩვენებელი საქართველოში არის ძალიან დაბალი, უფრო დაბალი, ვიდრე აშშ-ში და უფრო დაბალი, ვიდრე ევროპის 32 ქვეყანაში“, – განაცხადა ცერცვაძემ.
წყარო: imedinews