ბავშვთა ენდოკრინოლოგი, ნინო ხელაძე “რუსთავი 2-თან” ამბობს, რომ მოსახლეობაში ჭარბი წონის და სიმსუქნის შემთხვევების მატებამ, პანდემიის პირობებში, საგანგაშო ზღვარს მიაღწია :
– მომართვიანობა გაორმაგებულია, თითქმის ყველა ასაკის ბავშვების, განსაკუთრებით, სკოლის ასაკის და მოზარდების. წონის მატებიდან გამომდინარე, მასთან ასოცირებული ჩივილებით მომართვიანობამაც იმატა, როგორიცაა კიდურების ტკივილი, სუნთქვის გაძნელება, ციკლის დარღვევა, ადვილად დაღლა და ა.შ.
– სად უშვებს მშობელი შეცდომას და რა უნდა იცოდნენ პრობლემის თავიდან ასარიდებლად?
–უმეტესობა ცდილობს, მიმართოს ექიმს და ჩაუტაროს გამოკვლევები, მიიღოს რჩევები. ზოგიერთი ცდილობს თავიანთი ძალებით კვების და ფიზიკური დატვირთვის რეგულირებას, ატარებენ სპორტულ აქტივობებზე, უზღუდავენ ცომეულს, ტკბილეულს დ ა.შ. ეს სწორი მიდგომაა, თუმცა არასწორმა ჩარევამ და ზედმეტმა აკრძალვამ, შესაძლოა, უკუშედეგამდე მიგვიყვანოს.
სიმსუქნის რისკის გაზრდის ერთ-ერთ ფაქტორად კვების დროს ეკრანზე დამოკიდებულებაც სახელდება. სპეციალისტები მშობლებს ურჩევენ, საკვების მირთმევის დროს, ბავშვები ეკრანებს მაქსიმალურად მოარიდონ.
– იწვევს თუ არა ეკრანდამოკიდებულება კვებით აშლილობას?
– კვების დროს ეკრანზე დამოკიდებულება მრავალმხრივ არასწორია, როგორც სიმსუქნის რისკის, ასევე განვითარების კუთხით. მცირე ასაკიდან უნდა მიეჩვიოს ბავშვი ოჯახთან ერთად საკვების მიღებას, საკვების ფერის, გემოს, ტექსტურის და რაოდენობის აღქმას. ეკრანის ყურების დროს უმეტესად ვერც საკვების გემოს და ვერც რაოდენობას ვერ აღიქვამენ.
როგორც “რუსთავი 2-თან” ნინო ხელაძე ამბობს, ჭარბწონიანობამ ბავშვებში ისეთი დაავადებების მატება გამოიწვია, რომელსაც 2-3 ათეული წლის წინ ძალიან იშვიათად თუ შევხვდებოდით. მისი თქმით, ცხოვრების არაჯანსაღი წესიდან და სიმსუქნის ეპიდემიის დონეზე ზრდის პარალელურად, მოიმატა მოზარდებში მეორე ტიპის დიაბეტის შემთხვევებმა.
“ჯანმრთელობაზე იმ უარყოფით შედეგებს, რაც პანდემიის დროს წონაში მატებამ გამოიწვია, ჩვენ წლების მანძილზე მოვიმკით ჩვენს ბავშვებსა და მოზარდებში. არ შეიძლება დაგვავიწყდეს, რომ სიმსუქნე კოვიდის მძიმე ფორმით განვითარების ერთ-ერთი მთავარი რისკფაქტორია ბავშვებსა და მოზარდებშიც,” – აცხადებს ნინო ხელაძე.
ენდოკრინოლოგი მშობლებს ურჩევს, ყოველდღიურად სუფთა ჰაერზე გავიდნენ და რაც შეიძლება, მეტად დატვირთონ ბავშვები ფიზიკური აქტივობით. მოზარდებმა ენერგია უნდა დახარჯონ, რათა მაქსიმალურად აისახოს ეს მათ ჯანმრთელ ცხოვრებაზე.
წყარო: rustavi2