,,გთხოვთ, კიდევ ერთხელ დაარღვიოთ კანონი და მომცეთ საშუალება ჩავანაცვლო მესამე პრეზიდენტი ციხეში“, _ ამის შესახებ საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე ,,FACEBOOK” – ზე წერს, რომლითაც „ქართულ ოცნებას“ მიმართავს.
ის, ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში მკურნალობის საშუალება მისცენ.
„ყველაფერს აქვს საზღვარი! ამის მოთმენა აღარ შეიძლება! მე არ მინდა ვიყო მესამე პრეზიდენტის მკვლელობის თანამონაწილე. „ქართულო ოცნებავ“, ყველაფერში არღვევთ კანონებს, ითვისებთ წაგებულ არჩევნებს, იჭერთ უდანაშაულო ადამიანებს და თქვენივე კუთვნილი სასამართლოთი თქვენებურად ასამართლებთ.
გთხოვთ, კიდევ ერთხელ დაარღვიოთ კანონი და მომცეთ საშუალება ჩავანაცვლო მესამე პრეზიდენტი ციხეში. მიეცით მას მულტიფუნქციურ საავადმყოფოში მკურნალობის საშუალება.
უმორჩილესად გთხოვთ, გაითვალისწინოთ ჩემი თხოვნა და მე დღესვე ჩამოვფრინდები საქართველოში. ამით თქვენ ორ დიდ საქმეს გააკეთებთ: საქართველოს არ შეიყვანთ ველური ქვეყნების სიაში და ძალიან ასიამოვნებთ ბიძინა ივანიშვილს. მას ერთდროულად ორი პატიმარი ეყოლება, რომლებსაც ვერ იტანს“, – წერს პაატა ბურჭულაძე.