პენიტენციური სამსახური რუსთავის 12-ე ციხიდან, კერძოდ, მიხეილ სააკაშვილის საკანში გადაღებულ კადრებს ავრცელებს.
ვიდეოკადრებში აღბეჭდილია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ ფაფების მიღება.
როგორც პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნული, აღნიშნული ვიდეომასალა ასახავს, როგორ იღებს პატიმარი სააკაშვილი საკვებსა და ნატურალურ წვენებს.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ მიხეილ სააკაშვილის მიერ საკვების მიღების ფაქტების გარკვეულ ნაწილს. აღნიშნული ვიდეომასალა ნათლად ასახავს იმას, თუ როგორ იღებს პატიმარი მიხეილ სააკაშვილი საკვებს და ნატურალურ წვენებს დღის სხვადასხვა მონაკვეთში. ასევე ვასაჯაროებთ იმ პროდუქტების ამსახველ ფოტომასალას, რომელიც მიიღო მიხეილ სააკაშვილმა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
განცხადება მიხეილ სააკაშვილის მიერ საკვების მიღებასთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გუშინ გააკეთა.
„მიხეილ სააკაშვილი ფაფებს, ნატურალურ წვენებს ახლაც ღებულობს, რასაც ვამბობთ, ამას ამყარებს მტკიცებულებები. ეს არის საკვები, ეს აღარ არის სამედიცინო დანიშნულება, ეს არის საკვები, რომელსაც ღებულობს პატიმარი“, – განაცხადა ბრეგაძემ.