„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი ჩალაძის განცხადებით, 2007 წლის 7 ნოემბერი იყო რუსეთის მიერ სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობა, რომელსაც კონკრეტული პასუხი გაეცა.
„მგონი, 7 ნოემბერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი და დამთავრდა კომპლექსებით ცხოვრების დრო. 7 ნოემბერი იყო საქართველოს გადატრიალების მცდელობა, რომელსაც გაეცა კონკრეტული პასუხი, ამიტომ არ მიმაჩნია, რომ ვინმეს მემკვიდრეობის უნდა რცხვენოდეს და ვინმეს უნდა ჰქონდეს 7 ნოემბრის კომპლექსი. მორჩა რუსეთთან ენის მოჩლექვით საუბარი, ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი. 7 ნოემბერს იყო მცდელობა სახელმწიფოს გადატრიალების და თუ კი ვინმეს ჰგონია, რომ მე ან ვინმე საღად მოაზროვნე ამას კომპლექსად აღიქვამს, ძალიან ცდება. ნურას უკაცრავად, საქართველოს არ დავუთმობთ რუსეთს და ბელორუსიას. 7 ნოემბერი იყო რუსეთის მიერ მცდელობა, საქართველოში გადატრიალება მოეხდინა კონკრეტული ოლიგარქის მეშვეობით და სახელმწიფომ ლეგიტიმურ ჩარჩოებში არ დაუშვა ეგ. 7 ნოემბერზე მსჯელობა, კომპლექსები უნდა მოიშოროს ყველამ და დაიწყოს ლუსტრაციის ის პროცესი, რაც დიდი ხანია, უნდა დაწყებულიყო, ახლა სპეკულირება 7 ნოემბრით და ვითომ სენსიტიური თარიღებით, არის ბეცობა, სხვა არაფერი“, – განაცხადა გიორგი ჩალაძემ.
კითხვზე, ტელეკომპანია „იმედის“ დარბევაც ხომ მოხდა ამ დღეს?, – ჩალაძე პასუხობს, რომ სამართლებრივი პასუხი ყველაზე და ყველაფერზე გაცემულია.
„გეთანხმებით, ის, რაც იყო, ყველამ ვნახეთ. სამართლებრივი პასუხი ყველაზე და ყველაფერზე გაცემულია, წარსულის შედეგებზე ყველამ მიიღო გადაწყვეტილება და დამდგარია შედეგები, გაცემულია პასუხები“, – აღნიშნა გიორგი ჩალაძემ.
წყარო: 1tv